რამილია ალიევა - პანდემიის პერიოდში ლიდერები ვიყავით, ვისარგებლეთ პირველი არხის ყველა პლატფორმით, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონოდათ ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე
რამილია ალიევა - პანდემიის პერიოდში ლიდერები ვიყავით, ვისარგებლეთ პირველი არხის ყველა პლატფორმით, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონოდათ ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე

სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით, გაგვეზარდა კადრები და დღეს უკვე გვყავს კადრები, რომლებმაც გამართულად იციან სახელმწიფო ენა და არიან კარგი ჟურნალისტები, რომლებიც ჟურნალისტურ ეთიკას იცავენ, – ამის შესახებ ჯგუფ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელმა, რამილია ალიევამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით, გაგვეზარდა კადრები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან არიან და დღეს უკვე გვყავს კადრები, რომლებმაც გამართულად იციან სახელმწიფო ენა და არიან კარგი ჟურნალისტები, რომლებიც ჟურნალისტურ ეთიკას იცავენ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაყურებელს შეუძლია, ჩვენს ეთერში ნახოს სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ჟურნალისტის პოზიციაზე, წამყვანის პოზიციაზე და ასე შემდეგ. ჩვენ ეს კადრები გავზარდეთ. ისინი უკვე პროფესიონალები არიან და თავიანთ საქმეს უმაღლეს დონეზე აკეთებენ“, – განაცხადა რამილია ალიევამ.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში საზოგადოებამ დაინახა, რომ საქართველოს პირველი არხი გახდა ერთ-ერთი სანდო წყარო, რომელიც მაყურებელს სანდო ინფორმაციას აწვდიდა ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც, რიგი მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები სახელმწიფო ენას ვერ ფლობენ.

„ამ კუთხით, პანდემიის პერიოდში ჩვენ ლიდერები ვიყავით. ვისარგებლეთ ჩვენი ყველა პლატფორმით, რომელიც საქართველოს პირველ არხს გააჩნია, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონოდათ ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე“, – განაცხადა რამილია ალიევამ.

როგორც ჯგუფ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, „ჩვენი ქართული ენა“ არის ყველაზე წარმატებული პროექტი, რითაც ძალიან ამაყობს.

„შემიძლია, ვთქვა, რომ „ჩვენი ქართული ენა“ არის ყველაზე წარმატებული პროექტი, რითაც მე პირადად, ძალიან ვამაყობ. ამ პროექტმა ერთი წლის განმავლობაში მოიცვა დაახლოებით, 150 000-მდე ბენეფიციარი. ესენი არიან არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები. ამ პროექტით ძალიან ვამაყობთ“, – განაცხადა რამილია ალიევამ.

მისი თქმით, საქართველოს პირველ არხზე ქართული ენის პოპულარიზაციის მიმართულებით რამდენიმე პროექტი ხორციელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც რამილია ალიევამ განაცხადა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან პოზიტიურად ფასდება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების და მათი ინფორმირებულობის კუთხით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაწეული სამწლიანი შრომა.

„ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიამ საკმაოდ პოზიტიურად აღნიშნა ჯგუფ „მრავალფეროვანი საქართველოს“ შექმნა და აღნიშნა, რომ საქართველოს პირველმა არხმა თავიდან ბოლომდე შეცვალა ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით კონცეფცია და დღეს ყველა პროექტი ემსახურება იმას, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე“, – განაცხადა რამილია ალიევამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის კუთხით მომავალ სატელევიზიო სეზონზე ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდება.

დატოვე კომენტარი