საქართველოს პირველმა არხმა აზერბაიჯანული და სომხური სკოლების მოსწავლეთა ონლაინოლიმპიადის, „ჩვენი ქართული ენა“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს პირველმა არხმა სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ონლაინოლიმპიადის, „ჩვენი ქართული ენა“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

პროექტის გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც.

პირველი ადგილი დაიკავა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის №1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ომარი სულეიმანოვმა (პედაგოგი: ნონა მაისურაძე); მეორე ადგილზე – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლე ვენერა ალექსანიანი (პედაგოგი: მარიანნა აკოპიანი); მესამე ადგილზეა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლის ​მოსწავლე გიულხანუმ კასუმოვა (პედაგოგი: ლია ქშუტაშვილი).

ონლაინოლიმპიადაში, „ჩვენი ქართული ენა“ მონაწილეობის სურვილი არაქართულენოვანი სკოლების 200-მდე მოსწავლემ გამოთქვა. გასაუბრების შედეგად ფინალურ ეტაპზე მეშვიდე კლასის 44 მოსწავლე გადავიდა. პროექტი საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გამარჯვებულებსა და კონკურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ვულოცავ ყველა მონაწილეს და ცხადია, გამარჯვებულებს. ეს ბავშვები არიან პირველი მერცხლები. ამ კონკურსით, მსგავსი ღონისძიებებითა და კომპლექსური მიდგომებით ხელს შევუწყობთ ქართული ენის პოპულარიზაციას იმ რეგიონებში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მანვე ხაზი გაუსვა ამერიკის საელჩოს როლს პროექტის განხორციელებაში.

„უნდა აღინიშნოს ამერიკის საელჩოს ღვაწლი ამ პროექტში. პირველივე დღიდან გვერდით გვიდგას და მართლაც უნიკალურ დახმარებას გვიწევს ყველა მიმართულებით. ვფიქრობ, რომ მთლიანად საზოგადოება უნდა განვიმსჭვალოთ იმის ღრმად გააზრებით, რასაც ჰქვია არაქართულენოვან მოსახლეობაში ქართული ენის ცოდნის პრობლემა. ვფიქრობ, რომ უახლოეს წლებში ჩვენ ამას დავძლევთ“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საელჩოს, რომელმაც დააფინანსა ონლაინოლიმპიადა „ჩვენი ქართული ენა“.

როგორც მან აღნიშნა, პირველი არხი თავისი რესურსით უზრუნველყოფს, რომ ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდეს.

„პირველ რიგში, ძალიან ამაყი ვართ ამ პროექტით – ეს არის ის ღირებულება, რომელზეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

როგორც პროექტ „ჩვენი ქართული ენა“ ხელმძღვანელი რამილია ალიევა აცხადებს, პროექტის მთავარი მიზანი არის ქართული ენის პოპულარიზაცია.

„დღევანდელ დღეს ოლიმპიადის გამარჯვებულებთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გააგრძელოს თავისი საქმიანობა ამ კუთხით, რადგან ამ ბავშვებს ჰქონდათ საკმაოდ პოზიტიური ემოციები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ასეთი სიხარულით სავსე იყვნენ დანარჩენი ბავშვებიც, რომლებიც სწავლობენ არაქართულენოვან სკოლებში“, – განაცხადა რამილია ალიევამ.

საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებისთვის ონლაინოლიმპიადა 4 ივნისს დაიწყო.

„ჩვენი ქართული ენა“ არის საქართველოს პირველი არხის პროექტი, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, იმ რეგიონში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. პროექტის ფარგლებში, არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. საქართველოს რეგიონებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინოლიმპიადის ჩატარებაც, ამ მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია.

პროექტის ფეისბუქგვერდზე კი კვირაში ერთხელ იმართება ვიქტორინები, სადაც ქართული ენის შესახებ არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს, დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლიათ. ასაკი შეზღუდული არ არის, სწორად გაცემული პასუხების შემთხვევაში, წამახალისებელი საჩუქრების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

დატოვე კომენტარი