რამილია ალიევა - „მრავალფეროვანი საქართველო“ იქნება პროექტი, რომლის ანალოგიც საქართველოში დღემდე არ გაკეთებულა
გადაცემა „მრავალფეროვანი საქართველო“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რომლის ანალოგიც საქართველოში დღემდე არ გაკეთებულა – ამის შესახებ გადაცემა „მრავალფეროვანი საქართველოს“ ავტორმა, რამილია ალიევამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ვალდებულებაა, ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს მიაწოდოს, მისი ეთნიკური, თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. არავისთვის დასამალი არ არის, რომ დღეს ქვეყანაში ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო ენას რიგი მიზეზების გამო ვერ ფლობენ. საზოგადოებრივ მაუწყებელს ვალდებულება აქვს, ეთნიკური უმცირესობებისთვის მედია პროდუქტი მათსავე მშობლიურ ენაზე მოამზადოს და ეთნიკური უმცირესობების თემატიკის ქართულ მედია სივრცეში ინტეგრირება მოახდინოს. „მრავალფეროვანი საქართველო“ სწორედ ამ მიზნისთვის შექმნილი პროექტია“, – განაცხადა ალიევამ.
მისი თქმით, ახალი სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპლატფორმა 1tv.ge-ზე, სადაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება 7 ენაზეა შესაძლებელი, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე რადიო და ტელევიზია, ონლაინ მაუწყებლობა იქნება.
„პირველ ეტაპზე, ამას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ვიწყებთ. დღის განმავლობაში, დილის 10:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე 12–საათიანი უწყვეტი პირდაპირი ეთერი გვექნება და სომეხ და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს საათში ერთხელ ობიექტურ და დროულად მომზადებულ ახალ ამბებს მივაწოდებთ. ასევე, 8 საათზე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გვექნება „მოამბე“. იქნება შემეცნებითი, გასართობი გადაცემები. უკვე 7 გასართობი გადაცემაა დაგეგმილი, რომლებიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გავა. ასევე, გადაითარგმნება და ჩვენს ვებპლატფოტმაზე განთავსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელოვანი და ძალიან სასარგებლო პროექტები“, – განაცხადა ალიევამ.
როგორც რამილია ალიევამ აღნიშნა, ძალიან მალე, პროექტს აფხაზური, ოსური და რუსულენოვანი პროექტებიც დაემატება და „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სხვა პროექტებიც განხორციელდება.
„ვფიქრობთ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ მედია საშუალებებთან და რეგიონალური ტელევიზიები ჩვენს პროექტებში ჩავრთოთ. ერთ-ერთი პროექტი, რისთვისაც ვემზადებით, ქართული კლასიკური ფილმების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნაა, რომლებიც ჩვენს საიტზე სუბტიტრებით განთავსდება. ამით ჩვენს თანამოქალაქეებს დავეხმარებით, ქართული კინოს ისტორია გაიცნონ და ქართული უფრო კარგად ისწავლონ“, – განაცხადა ალიევამ.
„მრავალფეროვანი საქართველოს“ ავტორმა ასევე თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სტარტაპების დაფინანსება აუცილებელი იყო, რადგან მან იმის პრეცედენტი უნდა შექმნას, რომ საზოგადოებამ, მით უმეტეს ახალგაზრდებმა, რომლებიც ჩვენ დროში საკმაოდ კრეატიულები არიან და რომლებსაც კარგი იდეები აქვთ, მედია სივრცეში ამინდი შექმნან.