თინათინ ბერძენიშვილი - მსოფლიო 3 მაისს პრესის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელსაც მაუწყებელი სხვადასხვა აქტივობით უერთდება, დღეს წარვადგინეთ პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ოთხწლიანი შედეგები
თინათინ ბერძენიშვილი - მსოფლიო 3 მაისს პრესის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელსაც მაუწყებელი სხვადასხვა აქტივობით უერთდება, დღეს წარვადგინეთ პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ოთხწლიანი შედეგები

საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორ თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, მსოფლიო 3 მაისს პრესის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვადასხვა ფორმითა და აქტივობით უერთდება.

პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში, დღეს პირველი არხის მენეჯმენტმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც პროექტის ავტორებმა წარმოადგინეს 2021 წელს მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.

თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება წარმოადგენს. ამასთან, როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ორგანიზაცია პერმანენტულად მართავს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს დაინტერესებულ ჯგუფებთან, რაც მიზნად ისახავს ორგანიზაციული პროცესების გამჭვირვალობისა და ღიაობის ხელშეწყობას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტს „მრავალფეროვანი საქართველო“ ოთხი წელი შეუსრულდა და ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში და მათთვის აქტუალური საკითხების ასახვა პროდუქციაში, ყველა პლატფორმაზე. დღეს შეხვედრა გაიმართა „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში. პროექტი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხორციელდება, გულისხმობს როგორც საინფორმაციო სამსახურის სინქრონულ თარგმანს, ასევე ინდივიდუალურ შინაარსს, რომელიც სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე თავსდება. ამ ჯგუფმა წარმოადგინა ერთგვარი შედეგები, რასაც 2021 წელს მიაღწია და ასევე, საერთაშორისო, არასამთავრობო და ყველა დაინტერესებულ პირს გააცნო ის სამომავლო გეგმები, რომელიც ეროვნული უმცირესობების ნაწილს უკავშირდება. შევაჯამეთ წელი და გავაცანით საზოგადოების წარმომადგენლებს ჩვენი მომავალი გეგმები“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.