ადამიანებს ძალიან გვაინტერსებს ის ბირთვული ღუმელი, რომლის წყალობითაც დედამიწაზე სიცოცხლე ყვავის. მზეს მრავალმხრივ ვაკვირდებით, როგორც ხმელეთზე განთავსებული, ისე კოსმოსური ტელესკოპებით. თუმცა, მისი პოლუსებისთვის თვალის შევლება მაინც უკიდურესად რთულია.
მიუხედავად ამისა, ახლახან პოლუსები მაინც ვიხილოთ. ეს შესაძლებელი გახდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს მზის მისია PROBA-2-ის წყალობით, რომელიც დედამიწის ორბიტაზე მოძრაობს. მკვლევრებმა მის მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, ერთიანი ფოტო ააწყვეს.
ჩვენი მშობლიური პლანეტა და მზის სისტემის ყველა სხვა სხეული თუ ნივთიერება მზის გარშემო, მეტნაკლებად გაბრტყელებულ სიბრტყეზე მოძრაობს, ვარსკვლავის ეკვატორის სიახლოვის გასწვრივ. მას ეკლიპტიკურ სიბრტყეს უწოდებენ და წარმოქმნილია მტვრისა და გაზის ბრტყელი დისკოს ნარჩენს, რომელიც ახალგაზრდა მზის გარშემო მოძრაობდა. სწორედ ამ დისკოსგან დაიბადა შემდეგ პლანეტები.
გარდა ამისა, პრაქტიკული მიზეზის გამო, კოსმოსურ ხომალდებს ჩვენ ეკლიპტიკურ სიბრტყეზე ვუშვებთ. დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო რაკეტას დამატებით აჩქარებას აძლევს, ანუ მას კოსმოსში გასასვლელად უფრო ნაკლები ძალისხმევა სჭირდება. რაც უფრო ეკვატორის სიახლოვიდან გავუშვებთ რაკეტას, მით მეტი იქნება ეს აჩქარება. მისი გაშვება გაცილებით რთულია პოლარული რეგიონებიდან.
გამომდინარე აქედან, დედამიწიდან გაშვებული რაკეტები უკვე ეკლიპტიკურ სიბრტყეში მოძრაობენ და შესაბამისად, ისეთ პოზიციაში არიან, რომ ვერ ხედავენ მზის პოლუსებს. ამ სიბრტყიდან გადასვლა შესაძლებელია, მაგრამ არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი.
მზის პოლუსები ამ დრომდე მხოლოდ ერთმა ხომალდმა იხილა. ეს იყო NASA-ს, ESA-ს და კანადის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი ზონდი Ulysses, რომელმაც მზის პოლუსებს დაახლოებით 322 მილიონი კილომეტრის მანძილიდან დახედა. ეს მანძილი ორჯერ აღემატება დედამიწასა და მზეს შორის არსებულ მანძილს.
ეს გახლდათ ნამდვილი გმირობა. ყველა ვარიანტში, ხომალდი მათ ჯერ იუპიტერს გადაღმა უნდა გაეგზავნათ. მას შემდეგ, რაც ამ ადგილს მიაღწევდა, უნდა შეენელებინათ სიჩქარე, შემდეგ გამოეყენებინათ იუპიტერის გრავიტაცია, რომელიც Ulysses-ს ეკლიპტიკური სიბრტყის მიღმა ატყორცნიდა.
ამის შემდეგ, მომდევნო 15 წლის განმავლობაში, 1994-2009 წლებში, ასეთი დიდი მანძილიდან მან მზეს 3-ჯერ შემოუფრინა. Ulysses-გან ჩვენ მართლაც ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთ მის ინსტრუმენტს კამერა არ ჰქონდა.
სწორედ ამ ყველაფრის გამო არ გვინახავს არასოდეს მზის პოლუსების პირდაპირი ხედი.
პირდაპირ ფოტოებს არც ამჯერად ვხედავთ, მაგრამ სურათი რეალობასთან საკმაოდ მიახლოებულია.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) განმარტებით, მართალია, პოლუსები პირდაპირ არ ჩანდა, მაგრამ როცა ხომალდი მზის ატმოსფეროს აკვირდება, ის აგროვებს მონაცემებს იმ რეგიონების შესახებაც კი, რომლებიც მხედველობის არეალს მიღმაა. ასევე ხედავს მზის დისკოს გარშემო გავრცობილ ატმოსფეროს.
ამ მონაცემების გამოყენებით, მეცნიერებს შეუძლიათ გაარკვიონ, როგორ გამოიყურება პოლარული რეგიონები.
მზის ბრუნვასთან ერთად, ხომალდი PROBA-2 მისი ელემენტების შესახებ მონაცემებს უკიდურეს ულტარიისფერ ტალღის სიგრძეში აგროვებს, შემდეგ კი მზის პოლუსების რეკონსტრუქციის სახით აერთიანებს.
თითოეულ ნაჭერს შორის არსებული ხაზები და შუაში გავლებული ხაზი წარმოქმნილია მზის ატმოსფეროში მომხდარი მცირე ცვლილებების გამო, იმ დროს, როცა მონაცემების შეგროვება მიმდინარეობდა.
ESA-ს მეცნიერები ამ ფოტოს შედგენაზე 2018 წლის ივნისიდან მუშაობდნენ. პარალელურად ცდილობდნენ უფრო მეტი ცნობის მიღებას მზის პოლარული რეგიონების ფენომენთა დინამიკის შესახებ. მათ შორის არის კორონალური ხვრელები, ალფვენის ტალღები და როსბის ტალღები.
წლის დასაწყისში ჩვენს დედავარსკვლავთან გაგზავნილი NASA-ს პარკერის მზის ზონდი მზეს უკვე ისე მიუახლოვდა, როგორც არც ერთი სხვა ხომალდი ისტორიაში, მაგრამ ეკლიპტიკური სიბრტყის დატოვებას ის არ გეგმავს.
უფრო ზუსტ და ნამდვილ ფოტოებს კი ESA-ს მზის ორბიტერისგან უნდა ველოდოთ, რომელიც 2020 წელს გაეშვება. იგი მზის პოლუსებზე გადაფრენას არ აპირებს, მაგრამ მაინც საკმარის განედზე მივა იმისათვის, რათა ეს იდუმალი და მოუხელთებელი რეგიონები აღბეჭდოს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.