ახალი კორონავირუსის ფართოდ გავრცელების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ბავშვები ამ დაავადებით თითქმის არ ხდებიან მძიმედ ავად. ახალი კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც COVID-19-ით ინფიცირებული 44 672 ადამიანის მონაცემი შეისწავლეს, დადგინდა, რომ 10 წლამდე ბავშვების რაოდენობა მათ შორის ერთ პროცენტზე ნაკლებია, მათგან 1023 გარდაცვლილს შორის კი არც ერთი ბავშვი არ არის.
იელის უნივერსიტეტის მეცნიერის, აკიკო ივასაკის განცხადებით, ამ დეტალით COVID-19 გრიპისგან ძალიან განსხვავდება. გრიპის შემთხვევაში, ყველაზე მძიმედ სწორედ ბავშვები და მოხუცები ავადდებიან; საინტერესოა, რატომ არის ახალი კორონავირუსი ამ მხრივ განსხვავებული? ეს ამბავი ბოლომდე გარკვეული არ არის.
პირდაპირი ახსნა იქნებოდა, რომ ბავშვები პირველ რიგში რეზისტენტული არიან ინფექციის მიმართ, მაგრამ ეს ნამდვილად არ ჩანს სიმართლე. ჩინეთში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ ისიც დაასკვნა, რომ ინფიცირების რისკი ბავშვებსაც ზრდასრულების თანაბრად აქვთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, COVID-19-ით ინფიცირებული ბავშვის მძიმედ ავად გახდომა და მით უმეტეს სიკვდილი მაინც ძალიან ნაკლებად მოსალოდნელია. მსგავსი ტენდენცია შეიმჩნეოდა ასევე კორონავირუსებით გამოწვეული ორი მწვავე დაავადების — SARS-ისა და MERS-ის შემთხვევაშიც. შესაბამისად, საინტერესოა, რა იცავთ ბავშვებს?
„ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერ არავის აქვს“, — ამბობს ივასაკი. თუმცა, ის და სხვა ექსპერტები ეჭვობენ, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის უნიკალური გზა, რომლითაც ბავშვების იმუნური სისტემა ამ ვირუსებს პასუხობს.
COVID-19-ის, SARS-ისა და MERS-ის ზოგადი გართულებები ზრდასრულებში გამოიხატება მწვავე რესპირატორული აშლილობის სინდრომით, რომელშიც იმუნური სისტემის პასუხი კორონავირუსის წინააღმდეგ გადამეტებულია და იწვევს ფილტვების სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევრის, კრის ვან ტულეკენის განცხადებით, ამის შედეგად ხდება ფილტვებში სითხისა და მკვდარი იმუნური სითხეების გამოჟონვა, რაც დიდ პრობლემებს იწვევს. მისი თქმით, მართალია, იმუნური სისტემა ასეთი შეპასუხებითა და ვირუსზე თავდასხმით ჩვენს დაცვას ცდილობს, მაგრა რეაგირება გადამეტებულია და სინამდვილეში ბლოკავს ფილტვების მიერ ჟანგბადის მიღებას.
იმის გამო, რომ ბავშვების იმუნური სისტემა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ერთ-ერთი მოსაზრებით, როდესაც ისინი COVID-19-ით ან მსგავსი ინფექციებით ავადდებიან, ამ დროს დაცული არიან ასეთი სახიფათო იმუნური რეაგირებისგან, რომელსაც ციტოკინეზურ შტორმს უწოდებენ.
SARS-ის ეპიდემიის დროს, ორმა კვლევამ დაადგინა, რომ ბავშვებში წარმოიქმნებოდა ანთებით გამოწვეული ცოტოკინეზის (უჯრედების დაყოფა) შედარებით დაბალი დონე; სწორედ ეს ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რაც მათ ფილტვებს სერიოზულად დაზიანებისგან იცავს.
თუმცა, ეს ვერ ხსნის, რატომ პასუხობს ბავშვების იმუნური სისტემა კორონავირუსებსა და გრიპს სხვადასხვანაირად. ივასაკის თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს თითოეული ვირუსის წინააღმდეგ წარმოქმნილი სხვადასხვა ტიპის ციტოკინეზური პასუხი.
ბავშვების სასარგებლოდ შეიძლება მოქმედებს ზოგადად კორონავირუსების ნაკლები ექსპოზიცია წარსულში. იმის გამო, რომ ზრდასრულებს უფრო დიდი ხანი აქვთ ნაცხოვრები, მათ უფრო მეტად აქვთ გადატანილი სხვა კორონავირუსები, თუნდაც ჩვეულებრივი გაციება და შესაბამისად, უკვე აქვთ ანტისხეულებიც ამ მსუბუქ ვირუსებთან საბრძოლველად.
მეცნიერთა შორის არსებობს მოსაზრება, ეს უკვე არსებული ანტისხეულები ზრდასრულ ადამიანებს სინამდვილეში შეიძლება უარეს მდგომარეობაში აგდებს, რადგან ისინი ზუსტად არ ემთხვევა ახალ კორონავირუსს.
„შეუსაბამო ანტისხეულები ზოგჯერ შეიძლება უფრო საზიანო იყოს, ვიდრე სასარგებლო“, — ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევარი ვენდი ბერკლი.
იმის გარკვევა, თუ რატომ არიან ასეთ შემთხვევებში ბავშვები უფრო მეტად დაცული, უბრალოდ სამეცნიერო ინტერესზე მეტია.
„თუკი როგორღაც შევძლებთ ბავშვის იმუნური სისტემის მიბაძვას, თერაპიისა თუ პრეპარატების გამოყენებით, შეიძლება, ინფექცია ზრდასრულ ადამიანებშიც შევამსუბუქოთ“, — ამბობს აკიკო ივასაკი.
და კიდევ, მხოლოდ ის, რომ ბავშვები მძიმედ ავად არ ხდებიან, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ მონაწილეობენ ახალი კორონავირუსის გავრცელებაში. ივასაკის თქმით, სახიფათოა იმით თავმოწონება, რომ ბავშვებს დაავადება თითქმის უსიმპტომოდ გადააქვთ.
მეცნიერებს შორის უკვე ჩნდება ეჭვი, რომ ვირუსის გავრცელება ზრდასრულ ადამიანებს სიმპტომების გამოხატვის გარეშე შეუძლიათ და იგივე შეიძლება იყოს ბავშვების შემთხვევაშიც. ივასაკის განცხადებით, ამიტომ არის პრევენციისათვის აუცილებელი სკოლების დახურვა.
ერთ-ერთ ახალ კვლევაში აღწერილია COVID-19-ით ინფიცირებული ბავშვი, ვირუსის საკმაოდ მაღალი დონით, მაგრამ ყოველგვარი სიმპტომების გარეშე. უცნობია, არიან თუ არა ბავშვები ასეთ მდგომარეობაში ინფექციურები, მაგრამ ამის დადგენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლისთვის.
მომზადებულია newscientist.com-ის მიხედვით.