კორონავირუსის პანდემიის დასასრული ჯერ ახლოსაც არ არის და თუ უახლეს ამბებს ეცნობით, ალბათ ნახეთ, რომ გამოჩნდა პანდემიის პოტენციალის მქონე ახალი ვირუსი. ეს გახლავთ გრიპის გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსი, რომელიც ჩინეთში, ღორებში აღმოაჩინეს.
თუმცა, მედიაში გამოჩენილი სათაურები ცოტა არ იყოს მყვირალაა და პანიკა ნამდვილად არ არის საჭირო. სტატიაში მოგიყვებით ყველაფერს, რაც ამ ვირუსის შესახებ არის ცნობილი.
რამდენიმე დღის წინ სამეცნიერო ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ სოციალურ მედიაში პანიკა გამოიწვია, წერდნენ აპოკალიფსური სცენარების შესახებ, მრავალი ადამიანი წუხდა, რომ აღმოვჩნდებით ორი პანდემიის წინაშე, რომლებიც კაცობრიობას დასასრულს უქადის და დროა, ბუნკერებზე ვიზრუნოთ. ზოგიერთი მომხმარებელი იმასაც წერდა, რომ ახალი ვირუსი ადამიანებში უკვე გადავიდა და ჩინეთში ვრცელდება.
ახალ კვლევაში შეისწავლეს ჩინეთში ღორების პოპულაციებიდან 2011-2018 წლებში აღებული ათასობით ნიმუში. ამის შემდეგ, სასაკლაოზე დაკლული ფერმის ღორებიდან აღებული ეს ნიმუშები გრიპის ვირუსებზე შეამოწმეს. მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 2016 წლიდან ჩინეთის ღორების პოპულაციებში უფრო დომინანტური გახდა H1N1-ის მსგავსი შტამი, ვირუსის, რომელმაც 2009 წელს პანდემია გამოიწვია.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შტამი, რომელსაც G4 უწოდეს, გრიპის მთავარი შტამი იყო 2018 წელს ღორების პოპულაციიდან აღებულ ნიმუშებში და მას ადამიანის ინფიცირებაც შეუძლია. შესწავლილ ცხოველთა დაახლოებით 10 პროცენტს მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი 2016 წლიდან ცირკულირებს, ჯერ მნიშვნელოვანი დაავადება არ გამოუწვევია. უფრო მეტიც, ისიც კი არ არის ცნობილი, შეუძლია თუ არა ამ შტამს დაავადების გამოწვევა. ასევე არ არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ ის ადამიანიდან ადამიანში ვრცელდება. პანდემიის გამოსაწვევად კი საჭიროა, რომ ვირუსს ეს ორივე მახასიათებელი ჰქონდეს, რასაც ახალი გენეტიკური ინფორმაციის შეგროვების გზით აღწევს.
შეიძლება თუ არა, რომ ასე მოხდეს? — დიახ. უნდა მივეცეთ თუ არა პანიკას? — არა.
მართალია, გრიპის ამჟამინდელი ვაქცინა ამ შტამისგან ვერ დაგვიცავს, მაგრამ შესაძლებელია მისგან დამცავი ახალი ვერსიის შექმნა, თუკი ეს ვირუსი პანდემიურ პროპორციებს მიაღწევს. თუმცა, ასეთი რამ ძალიან სათუოა.
გრიპის შტამების მეთვალყურეობა უმნიშვნელოვანესია ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებისათვის, საშუალებას აძლევს დაიცვან მოწყვლადი პოპულაციები და უკეთესად გაარკვიონ, ვითარდება თუ არა ვირუსი და ხდება თუ არა უფრო სახიფათო. მკვლევართა აზრით, აუცილებელია G4-ის ახლო მონიტორინგი ღორებისა და ადამიანთა პოპულაციებში.
ამბავს „ტვიტერზე“ გამოეხმაურნენ კოლუმბიის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ანგელა რასმუსენი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოლოგი კარლ ბრეგსტრომი. ორივე მათგანი საუბრობს გაუგებრობათა თავიდან არიდების აუცილებლობაზე, რასაც ხშირად, მედიაში გამოჩენილი სათაურები იწვევს.
„დასკვნა ის გახლავთ, რომ არასრულია ჩვენი ცოდნა პოტენციურად პანდემიური გრიპის შტამების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ვირუსი ბევრ საბაზისო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაგრამ შეუძლებელია გადაჭრით იმის თქმა, რომ ის 2020 წელს გრიპის ჰიპოთეტურ პანდემიას გამოიწვევს ან დომინანტი შტამი გახდება ადამიანებში“, — წერს რასმუსენი.
ბრეგსტრომი კი წერს, რომ აუცილებელია უშუალოდ ადამიანებზე დაკვირვება და აღნიშნავს, რომ ეს ვირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის გადაუდებელ საფრთხეს არ წარმოადგენს.
აუცილებელია, ცოტა კულისებშიც შევიხედოთ. ჟურნალი PNAS-ი, რომელშიც ეს კვლევა გამოქვეყნდა, მედიას ყოველკვირეულად უგზავნის იმ პუბლიკაციათა სიას, რომლებსაც ის მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს. ამ კვირის მეილში ჩანდა პუბლიკაცია სათაურით „ღორის გრიპის ვირუსი პანდემიის პოტენციალით“. რა თქმა უნდა, ასეთი სათაური თვალისმომჭრელია და არც თუ ისე არაზუსტი, მაგრამ მისი ძირითადი მიზანი მაინც მედიის ყურადღების მიქცევა იყო, რათა ეს კვლევა გაეშუქებინათ.
სწორედ აქ დაიწყო გარკვეული პანიკაც. ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაცია ტავის მხრივ ეყრდნობა იდეას, რომ ღორები განსაკუთრებით კარგი „შემრევი ჭურჭელი“ არიან გრიპის ვირუსებისათვის, რადგან გრიპის სხვადასხვა შტამებს ერთმანეთში გენეტიკური ინფორმაციის გაცვლის საშუალებას აძლევენ. ასეთი გაცვლა-გამოცვლის შედეგად კი შეიძლება მივიღოთ ვირუსები, რომლებსაც ადამიანთა დაინფიცირება და დაავადების გამოწვევა შეეძლებათ. სწორედ ეს გახლავთ „პანდემიის პოტენციალის“ ერთადერთი მინიშნება პუბლიკაციაში.
როგორც წესი, სამეცნიერო ჟურნალების სტატიები ფასიანია და ეს შვიდგვერდიანი პუბლიკაცია უფასოდ ხელმისაწვდომი არ არის. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა მაისშიც, როდესაც ჟურნალ New Scientist-ში გამოქვეყნებული ფასიანი სტატიის საფუძველზე ტაბლოიდებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ ნასამ პარალელური სამყარო აღმოაჩინა.
კორონავირუსის პანდემიის დროს, მეცნიერები, მკვლევრები, მდია და საზოგადოება „ინფოდემიის“ ორთაბრძოლაშია ჩართული, როგორც ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უწოდებს. ინფოდემია არის ინფორმაციის სიუხვე, მათ შორის, სწორი და არასწორი ინფორმაციის, რაც სანდო წყაროების პოვნას განსაკუთრებით ართულებს.
საინტერესოა, გამოიწვევდა თუ არა ამხელა აჟიოტაჟს „პანდემიური პოტენციის“ მქონე გრიპის ვირუსი, ჩვენ რომ უკვე არ ვცხოვრობდეთ პანდემიაში, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა? ალბათ არა. უმნიშვნელოვანესია, რომ მეცნიერები ახლოს მიჰყვნენ გრიპის ამ და სხვა ვირუსებს, რათა უკეთესად მოვემზადოთ პოტენციური პანდემიისთვის. ამავე დროს, ასეთი კვლევების გაშუქებისას, მედიას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.
მომზადებულია cnet.com-ის მიხედვით.