არა, ნასას პარალელური სამყარო არ აღმოუჩენია — სიმართლე ტაბლოიდების მიერ გავრცელებული მცდარი ამბის შესახებ
არა, ნასას პარალელური სამყარო არ აღმოუჩენია — სიმართლე ტაბლოიდების მიერ გავრცელებული მცდარი ამბის შესახებ

ტაბლოიდები და სოციალური მედია სამეცნიერო ახალ ამბებს ხშირად ძალიან არასწორად იყენებს.

თუ რამდენიმე დღის წინ წაიკითხეთ ამბავი, რომელიც იუწყებოდა, რომ ნასამ ანტარქტიდაზე პარალელური სამყარო იპოვა, სადაც დრო უკუმიმართულებით მიდის, მოხარული ვართ, რომ ახლა ამ სტატიას კითხულობთ. მოგითხრობთ, რა მოხდა სინამდვილეში.

„როგორც ჩანს, ამ ტაბლოიდებისთვის სამეცნიერო სტატია ეფუძნება სპეკულაციურ თეორიულ ფიზიკას, რომელიც სარწმუნოობისგან შორს არის და ამ გამოცემებისთვის მთავარია სენსაციური ამბები“, — უთხრა ჰავაის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ნაწილაკების ფიზიკოსმა პიტერ გორჰემმა ScienceAlert-ს.

სინამდვილეში, „პარალელური სამყაროს აღმოჩენის“ ამბავი სულ სხვანაირია.

წონიანმა სამეცნიერო ჟურნალმა New Scientist-მა 8 აპრილს გამოაქვეყნა სტატია (ხელმომწერის), რომელშიც განხილული იყო ანტარქტიდაზე მიმდინარე ნეიტრინოების დაფიქსირების ექსპერიმენტის გარკვეული ანომალიური შედეგები; იქვე ნათქვამი იყო, რომ შეიძლება საქმე გვქონდა სპეკულაციურ კოსმოლოგიურ მოდელთან, რომლის მიხედვითაც, არსებობს ანტიმატერიისგან შემდგარი სამყარო, სადაც დრო დიდი აფეთქებიდან უკუმიმართულებით მიდის.

ამის შემდეგ, ზოგიერთმა ონლაინგამოცემამ ეს ამბავი აიტაცა და მკითხველს სრულიად სხვანაირად მიაწოდა.

საინტერესოა, რა ანომალია დაფიქსირდა სინამდვილეში ანტარქტიდაზე? წარსულშიც შემოგთავაზეთ ერთი სტატია, რომელშიც მოგითხრობდით, რომ ანტარქტიდის იმლუპსურმა გარდამავალმა ანტენამ (ANITA) — ატმოსფეროში გაშვებულმა ჰელიუმის ბუშტმა რადიოანტენებით, რომელსაც ნაწილობრივ ნასა აფინანსებს — შენიშნა დედამიწისკენ მომდინარე მაღალენერგიული ნეიტრინოები.

სწორედ ეს ამბავია ძლიერ უცნაური. ნეიტრინოები ფუნდამენტური „მოჩვენება“ ნაწილაკებია, რომლებიც თითქმის ყველაფერში გაივლიან, მაგრამ თითქმის არ ურთიერთქმედებენ ნორმალურ მატერიასთან, რის გამოც მათი დაფიქსირება უკიდურესად ძნელია. თუმცა, როდესაც ნეიტრინოები წარმოქმნილია სამყაროს უმძლავრესი ფეთქებადი ობიექტების მიერ, მათ შეუძლიათ მიიღონ ულტრამაღალი ენერგია და დიდია იმის ალბათობაც, რომ ნეიტრინოებმა ურთიერთქმედება მოახდინონ ნორმალურ მატერიასთან.

ANITA, რომელიც ყინულოვანი კონტინენტის თავზე დაფრინავს, შექმნილია მეორეულ ნაწილაკთა ნაკადის სიგნალების დაფიქსირების მიზნით, რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როცა მაღალენერგიული ნეიტრინოები ყინულს ეჯახება. მიჩნეულია, რომ ასეთი ნეიტრინოები კოსმოსის სიღრმიდან მოდის და არა დედამიწიდან და შესაბამისად, არის იმის დიდი შანსი, რომ ჩვენს პლანეტამდე მოსვლამდე მათ სხვა რამეებში გაიარეს.

უცნაურია, არა? ფიზიკოსები ფრთხილად მუშაობენ, რათა დაადგინონ, შესაძლებელია თუ არა ამ შედეგების ახსნა ფიზიკის ამჟამინდელი მოდელებით, აქვს თუ არა საერთო რაიმე ექსპერიმენტულ კომპლექტთან ან ხდება თუ არა რაღაც მართლაც უცნაური.

როგორც გორჰემმა, ANITA-ს პროგრამის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ScienceAlert-ს უთხრა, „ჩვენს მონაცემებში შევხვდით მცირე ოდენობის ანომალიებს და როდესაც ფიზიკის სტანდარტული მოდელით ყველა შესაძლო ახსნას ამოვწურავთ, მხოლოდ მას შემდეგ დგება დრო, რომ ვიფიქროთ სხვა იდეებზე მის საზღვრებს მიღმა; ამ შემთხვევაში ეს ჯერ საჭირო ნამდვილად არ არის, არ ვართ იმ ეტაპზე, რომ პარალელური სამყაროს განხილვა საჭირო იყოს“.

ამაზე ნათელი განმარტება აღარ არსებობს.

სათაურებზე მონადირე გამოცემების მიერ შეთხზული პარალელური სამყაროს ამბავი უბრალოდ სასაცილოა. ისინი გვთავაზობენ ანტისამყაროს არსებობას, რომელსაც ანტიმატერია მართავს, დიდი აფეთქებიდან დროში უკუმიმართულებით მიდის და აქვს ჩვენი სამყაროს შებრუნებული სივრცული მახასიათებლები, უდიდეს მასშტაბებზე ემორჩილება მუხტების, პარიტეტისა და დროის (CPT) სიმეტრიის ფუნდამენტურ წესს.

ერთმა სპეკულაციურმა კვლევამ ეს „CPT სიმეტრიული სამყარო“ ANITA-ს მიერ დაფიქსირებულ ანომალიებს დაუკავშირა. სამწუხაროდ, ფასიან სტატიაში გადმოცემული კონტექსტი სრულიად დაიკარგა მომდევნო დღეებში სხვა გამოცემების მიერ ამ ამბავზე აგებულ სტატიებში, რომელთა სათაურიც ძირითადად ასეთი იყო — „ნასამ პარალელური სამყარო აღმოაჩინა“.

„ამ შემთხვევაში, რამდენიმე ჟურნალისტი ძალიან შორს წავიდა გადაუმოწმებელი სტატიის საფუძველზე და სრულიად უცნობ მიზეზთა გამო, ჩვენ მოგვაწერა კვლევები, რომლებიც არასოდეს ჩაგვიტარებია, ასევე თეორიები, მათ შორის პარალელურ სამყაროთა შესახებ, რომლებიც არც ჩვენ და არც ჩვენს მოკავშირეებს არასოდეს განგვიხილავს არც ერთ პუბლიკაციაში“, — ამბობს გორჰემი.

მისივე თქმით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სამეცნიერო წინსვლა დიდი სიფრთხილით, მრავალი საზომით მიმდინარეობს, რეცენზიებითა და სხვა მკვლევართა მიერ გადამოწმების საფუძველზე.

და ბოლოს, მუდამ გახსოვდეთ, რომ ბოლომდე არასოდეს ენდოთ სამეცნიერო სიახლეებს ტაბლოიდებისგან.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.