ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსი 21 და 22 ივნისს გაიმართება
ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსი 21 და 22 ივნისს გაიმართება. კონკურსი ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური.
ნიმუშების წარდგენა 14 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.
ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების ინტერესი ქვევრში ღვინის დაყენების მიმართ, 2018 წელს კონკურსზე, პირველ კონკურსთან შედარებით 25%-ით მეტი ღვინის ნიმუში გაისინჯა და შეფასდა.
ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკო-ს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.