ბერლინის ღვინის კონკურსის ჟიურიში წარმომადგენლები საქართველოდანაც არიან

11:12, 22.02.2019

ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრებად საქართველოს  ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია მიიწვიეს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კონკურსზე „ბერლინერ ვეინ ტროფი 2019“ მსოფლიოს 41 ქვეყნის 1 400-ზე მეტმა ღვინის მწარმოებელმა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია წარმოადგინა. შედეგები მიმდინარე წლის პირველ მარტს გახდება ცნობილი.

გამარჯვებული ღვინოები ჯილდოვდებიან პრემიუმ ოქროს, ოქროსა და ვერცხლის მედლებით.

კონკურსის პროფესიონალურ ჟიურიში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

„ბერლინერ ვეინ ტროფი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უმსხვილესი ღვინის საერთაშორისო კონკურსია და წელს „გერმანიის ღვინის მარკეტინგის“ ორგანიზებით 23-ედ იმართება.

ყოველწლიურად საკონკურსოდ წარმოდგენილია ათასობით ღვინის ნიმუში.

კონკურსი ტარდება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის, ენოლოგთა მსოფლიო ასოციაციისა და ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსების მსოფლიოს ფედერაციის პატრონაჟით.

„ბერლინერ ვეინ ტროფიში“ გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ ღვინო შეესაბამება ხარისხის მაღალ სტანდარტებს, რაც  ხელს უწყობს მსოფლიო ღვინის კულტურის შემდგომ განვითარებას და ხარისხის გარანტიას.

 

მსგავსი