თბილისში ქვევრის ღვინის ფესტივალი იმართება
თბილისში ქვევრის ღვინის ფესტივალი იმართება

თბილისში, ორბელიანის მოედანზე ქვევრის ღვინის ფესტივალი სახელწოდებით – Travel in Georgia with Wine იმართება.

ფესტივალის მიზანია, ტურიზმის მხარდაჭერა, ქვეყნის ღვინის იმიჯის საერთაშორისო დონეზე გამყარება, ქვევრის ღვინის მიმართულებით განათლების დონის ამაღლება, სამომხმარებლო კულტურის ზრდა და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა.

ფესტივალში 50 საოჯახო მარანი მონაწილეობს. ფესტივალი ტარდება მცირე საოჯახო მარნების ინიციატივითა და თბილისის მერიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით. ფესტივალს ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლების, ფოლკლორული გუნდებისა და ეთნო ჯაზ-ბენდის მიერ შესრულებული სიმღერები აფორმებს.

ფესტივალზე უნიკალური ქვევრის ღვინოების დეგუსტაციაა შესაძლებელი, ასევე თითოეული მარანი ფესტივალზე წარმოადგენს მინიმუმ 30 ბოთლ სარეალიზაციო ღვინოს, რომელიც ტურიზმის ხელშეწყობის მიზნებიდან გამომდინარე სიმბოლურ ფასად გაიყიდება.

ფესტივალი 22:00-მდე გაგრძელდება.