ქართული ღვინის სახეობებმა იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე უმაღლესი ჯილდოები მიიღო
ქართული ღვინის სახეობებმა იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე უმაღლესი ჯილდოები მიიღო

სხვადასხვა დასახელების 24-მა ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსში „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები – 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და  ვერცხლის 7 მედალი მოიპოვა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია ქალბატონებით, რომლებიც იაპონიაში ღვინის სფეროში საქმიანობენ – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

„საკურას“ კონკურსში ორმაგი ოქროს მფლობელი ღვინის სახეობები წარდგენილი იქნება 2019 წლის 5 მარტს საერთაშორისო გამოფენა „ფუდექს ჯაპანზე“, უმაღლესი ჯილდოს – „ბრილიანტის” მოსაპოვებლად.

იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს იაპონიაში 212 ათასამდე ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 37%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემს.

იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიმართება.