ლონდონში ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობენ
ლონდონში ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობენ

ლონდონში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა (RAW WINE) იმართება, რომელშიც საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები მონაწილეობენ. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გამოფენას დაესწრო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი თამარ ბერუჩაშვილი.

გამოფენის ფარგლებში მოეწყო ქართული სამზარეულოს კუთხეც. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ბრიტანელ იმპორტიორებთან. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნონ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.

ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ამდენად, ბრიტანეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.  ქართველი მეღვინეების განცხადებით, გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.