აღმოჩნდა, რომ 10 კილოგრამიან კოსმოსურ ნამსხვრევს ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივ ფერმაში კარზე მისაყუდებლად იყენებდნენ.
მიჩიგანის შტატის ქალაქ გრანდ-რაპიდსის მცხოვრებმა ანონიმურმა მამაკაცმა ცენტრალური მიჩგანის უნივერსიტეტის გეოლოგს, მონა სირბესკუს თხოვნით მიმართა, შეემოწმებინა უცნაური ქვა, რომელიც მას თითქმის 30 წელია ჰქონდა.
პროფესიიდან გამომდინარე, სიბერასკუსთვის ეს თხოვნა უცნაური სულაც არ ყოფილა, რადგან ამ კითხვით როგორც წესი, მას მრავალი ადამიანი მიმართავდა. როგორც წესი, ადამიანებს აინტერესებთ, არის თუ არა რომელიმე უცნაური ქვა მეტეორიტი. გეოლოგის თქმით, ბოლო 18 წლის განმავლობაში, პასუხი ყოველთვის იყო „არა“.
მაგრამ ამჯერად, პასუხი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. საქმე ეხებოდა არა უბრალოდ კოსმოსურ ქვას, არამედ განსაკუთრებით გამორჩეულ მეტეორიტს.
ედმორის მეტეორიტის სახელით ცნობილი კოსმოსური ქვა რკინა-ნიკელის მოზრდილი მეტეორიტია, რომელშიც ნიკელის წილი 12 პროცენტია.
დიდებული ამბავია ისიც, თუ როგორ მოხვდა ეს მეტეორიტი ანონიმი მფლობელის საკუთრებაში.
უნივერსიტეტის განცხადების მიხედვით, ამ კაცმა სოფელ ედმორში ფერმა 1988 წელს იყიდა. როცა ძველი მფლობელი მას მამულს ათვალიერებინებდა, მან კარზე მიყუდებული დიდი ქვა შენიშნა. მისი ერთადერთი დანიშნულება ის იყო, რომ კარი არ დახურულიყო.
როცა მის შესახებ ჰკითხა, ძველმა მეპატრონემ სასხვათაშორისოდ უთხრა, რომ ეს ქვა მეტეორიტი იყო.
ძველი მეპატრონე ამბობდა, რომ 1930-იან წლებში, ერთ ღამეს მან და მამამისმა დაინახეს, როგორ ჩამოვარდა ციდან მათ მამულში ეს ქვა ხმაურით. დილით მათ კრატერი დახვდათ, რომელიც გათხარეს და შიგ ჯერ კიდევ თბილ მეტეორიტს მიაგნეს.
ძველმა მეპატრონემ ახალს განუცხადა, რომ რადგან მეტეორიტი ამ საკუთრების ნაწილი იყო, ის ახლა უკვე მის მფლობელობაში გადადიოდა.
ახალი მფლობელი მას 30 წლის განმავლობაში ინახავდა და ძირითადად კარზე მისაყუდებლად, ჩასაკეტად იყენებდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მის ბავშვებს ის სკოლაში საჩვენებლად მიჰქონდათ.
ამასობაში, მამაკაცმა დაინახა, რომ მეტეორიტების პატარა ნამსხვრევების პოვნითა და გაყიდვით ხალხი ფულს აკეთებდა, შესაბამისად, იგივე საქმით თავადაც დაინტერესდა.
როგორც ჩანს, ბოლოსდაბოლოს მან ეს გააკეთა. მეტეორიტის ფასი მისი შემცველი ელემენტების იშვიათობიდან გამომდინარე განისაზღვრება. კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ანალიზებით ირკვევა, რომ კარზე მისაყუდებლად გამოყენებული მეტეორიტის ფასი დაახლოებით 100 000 აშშ დოლარი უნდა იყოს.
სირბესკუთ თქმით, როგორც წესი, ასეთ მეტეორიტებს მუზეუმები ან კერძო კოლექციონერები ყიდულობენ. ამ კონკრეტული მეტეორიტს სავარაუდოდ სმიტსონის ცენტრი ან მენის მინერალების მუზეუმი იყიდის.
მომზადებულია cmich.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.