ქუთაისის თეატრის მსახიობი - რევოლუციებით, უბედურებებითა და სისასტიკით დავიღალეთ, მშვიდი ცხოვრება გვინდა [ვიდეო]
რევოლუციებით, უბედურებებითა და სისასტიკით დავიღალეთ, ჩვენ გვინდა მშვიდი ცხოვრება, – ამის შესახებ ქუთაისის თეატრში საზოგადოებრივი მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ შეხვედრაზე ქუთაისის თეატრის მსახიობმა ავთანდილ სახამებლიძემ განაცხადა.
„გასაგებია, რომ რაღაც არ არის ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანს სურს, მაგრამ მჯერა იქნება. 48 წელია, ამ სცენაზე ვარ, რაღაც საკრალური ციფრია და მე ხმას ვაძლევ 48-ს. მხარს ვუწერ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს კულტურა, ხელოვნება, სპორტი, მეცნიერება და კიდევ მრავალი სხვა დარგი.
ბატონი კი ამბობს, რომ 48 სახელმწიფო თეატრია და მთავრობა ამ თეატრებს რატომ აფინანსებს, ხალხი დიდი ხანია, თეატრში აღარ დადისო. მოვიდეს და ნახოს, რამდენი ადამიანი დადის თეატრში.
მე იმედიანად ვარ, თქვენს სახეზე ნათელ ღიმილს ვხედავ, ეს სინათლე არ მოგშლოდეთ ჩემო ძვირფასებო“, – განაცხადა ავთანდილ სახამებლიძემ და თავის გამოსვლა შოთა ნიშნიანიძის ლექსის წაკითხვით დაასრულა.
მოძრაობამ „მე ვიცავ თავისუფლებას“ დღეს შეხვედრა სამტრედიაშიც გამართა, გუშინ კი მოქალაქეებს ბათუმში შეხვდა.
მათი ორგანიზებით პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრის შენობასთან ჩატარდა. 11 ნოემბერს საზოგადოების წევრები მოსახლეობას თელავში შეხვდნენ.