გოგა ხაინდრავა - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დოკუმენტებით დავადასტურებ, რომ ვაშაძე იყო საბჭოთა კაგებე-ს დამსმენი
გოგა ხაინდრავა - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დოკუმენტებით დავადასტურებ, რომ ვაშაძე იყო საბჭოთა კაგებე-ს დამსმენი

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დოკუმენტებით დავადასტურებ, რომ ვაშაძე იყო საბჭოთა კაგებე-ს დამსმენი, – ამის შესახებ მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრმა გოგა ხაინდრავამ რუსთავში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაშაძემ დასმენების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროში ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში გადაიყვანეს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ნებისმიერ სასამართლოში, ნებისმიერ შეკრებაზე, ნებისმიერ ეთერში დავადასტურებ დოკუმენტებით, რომ ვაშაძე იყო საბჭოთა კაგებეს დამსმენი. ის სახელისუფლებო კოლექტივებს დაყვებოდა ​და მერე წერდა, ვინ რამდენი „კოკა-კოლა“ იყიდა, ვინ „მარლბორო“ იყიდა, ვინ – ჯინსები, ვინ ვის დაელაპარაკა. ისე კარგად ასმენდა ყველას, რომ შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს ისეთ განყოფილებაში გადაიყვანეს, რომელიც ბირთვულ შეიარაღებას ეხებოდა. თქვენ ხომ გესმით, ეს ხდება ანდროპოვის დროს, ეს ხდება ყველაზე რეაქციული საბჭოთა რეჟიმის დროს, ომის შემდეგ.

მაშინ დაიჭირეს კოსტავა, მაშინ დაიჭირეს ბუკოვსკი და უამრავი ადამიანი, იმ დროს იმ კაცმა კარიერა გაიკეთა დასმენებით. ვინმე ფიქრობს მსოფლიოში, რომ რა ძალებიც არ უნდა იყვნენ, რამდენი ფული და გავლენაც არ უნდა ჰქონდეთ, რომ ისინი მოგვერევიან ქართველ ხალხს და საბჭოთა კაგებე-ს დამსმენს მოიყვანენ საქართველოს პრეზიდენტად? ეს იქნება მხოლოდ მაშინ, თუ გაანადგურებენ მთელს საქართველოს, მაგრამ ვერ გაანადგურებენ, ჩვენ ვართ მეტნი და მართლები, გვაქვს კარგად გააზრებული მომავალი, ეს არის ევროპა და ამ ევროპის განსახიერება არის სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.