საზოგადოებრივი მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მორიგ შეხვედრას სამტრედიაში მართავს
საზოგადოებრივი მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მორიგ შეხვედრას სამტრედიაში მართავს

საზოგადოებრივი მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მორიგ შეხვედრას სამტრედიაში მართავს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს მოძრაობის წევრებმა, გოგა ხაინდრავამ, ხათუნა ხოფერიამ, დაჩი ცაგურიამ, გიორგი ზერეკიძემ, ლევან ჩიტაძემ.

ხათუნა ხოფერიას თქმით, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ხალხს თავს ვერაფერს მოახვევს.

„დღეს ჩვენ ვართ არჩევანის წინაშე და მინდა გთხოვოთ, ნუ შეცდებით ამ არჩევანში“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

როგორც გოგა ხაინდრავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ნებისმიერი ხელისუფლება ხალხის წინაშე იქნება ვალდებული.

ხაინდრავამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე ისაუბრა, გაიხსენა თავის ფილმი „ჰეროკრატია“ და განაცხადა, რომ ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას არ დაუშვებს.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს კაციჭამიები დაბრუნდნენ. ნუ გააკეთებთ არჩევანს იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაცა ვერ გააკეთა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა ასევე დაჩი ცაგურიამ. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურში მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ კაგებეს აგენტ გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის.

„კაგებეს“ მაღალჩინოსანს „რუსთავი 2“ წარმოგვიჩენს როგორც პატრიოტს. მეორე მხარეს არის ქალი, რომლიც როცა გვცემდნენ, წინ გვეფარებოდა, ვაჟკაცი ქალია. როცა გრიგოლ ვაშაძე „კაგებეს“ აგენტი იყო, ეს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, სორბონაში სწავლობდა“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

მოძრაობამ „მე ვიცავ თავისუფლებას“ შეხვედრა გუშინ ბათუმში გამართა.

საზოგადოებრივი მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრის შენობასთან ჩატარდა. 11 ნოემბერს საზოგადოების წევრები მოსახლეობას თელავში შეხვდნენ.