„არა ნაციზმს“ და „მე ვიცავ თავისუფლებას“ აქტივობები სალომე ზურაბიშვილის მიმართ შემოწირულობად შეფასდა
„არა ნაციზმს“ და „მე ვიცავ თავისუფლებას“ აქტივობები სალომე ზურაბიშვილის მიმართ შემოწირულობად შეფასდა

მოძრაობა „არა ნაციზმს“ და მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ აქტივობები სალომე ზურაბიშვილის მიმართ უკანონო შემოწირულობად შეფასდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წინასაარჩევნო პერიოდში ორგანიზაციების საქმიანობა „სამართლიანი არჩევნებისა“ და მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შეისწავლა.

კერძოდ, მოძრაობა „არა ნაციზმის“ მიერ დაქირავებულ ოფისთან დაკავშირებით გამოიკითხა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და კიდევ შვიდი პირი. ხარჯი 8 160 ლარის ოდენობით ჩაითვალა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო შემოწირულებად, რის საფუძველზეც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

შეისწავლეს მოძრაობა „არა ნაციზმის“ მიერ ამომრჩევლების ტრანსპორტირების საკითხი, რაზეც 9 200 ლარი დაიხარჯა. „ხარჯი სრული ოდენობით ჩაითვალა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო შემოწირულობად“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

რაც შეეხება მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ აქტივობებს, საქართველოს მასშტაბით განთავსებული ხუთი თეატრიდან მიღებული დოკუმენტაციით დადგინდა, რომ ღონისძიებების ხარჯმა შეადგინა 16 400 ლარი. ეს ზურაბიშვილის სასარგებლო შემოწირულობად ჩაითვალა.

აღნიშნული ფაქტების გამო, აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სამივე ფაქტზე სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა, 67 520 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისროს.