ქუთაისის აეროპორტიდან გადაყვანის ექსკლუზიური უფლების მოსაპოვებლად ტაქსის კომპანიებისთვის აუქციონი გამოცხადდა
ქუთაისის აეროპორტიდან გადაყვანის ექსკლუზიური უფლების მოსაპოვებლად ტაქსის კომპანიებისთვის აუქციონი გამოცხადდა

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით (ტაქსით) გადაყვანის ექსკლუზიური უფლების პირობებით გადაცემაზე ელექტრონულ აუქციონს აცხადებს.

აუქციონის პირობების მიხედვით, მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება.

ოპერატორი ვალდებულია, ყოველთვიურად აეროპორტების გაერთიანებას გადაუხადოს მგზავრთა გადაყვანის უფლებით სარგებლობის ღირებულება.

„სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და აღნიშნული მართვის უფლება სულ მცირე ოთხი წლის განმავლობაში, მიღების მომენტიდან. მძღოლები უნდა ფლობდნენ ქართულ ენას. ასევე, სასურველია, საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური და რუსულ ენებს ცოდნა.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლებმა უნდა დაიცვან დადგენილი დრესკოდი და შემოსილი უნდა იყვნენ სუფთა და მოწესრიგებული (არასპორტული) სამოსით“, – აღნიშნულია იმ პირობების ჩამონათვალში, რომელიც აუქციონში მონაწილეობის მსურველებისთვის გამოქვეყნდა.

ამასთან, არ დაიშვება 2015 წელზე ადრე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალებები. ასევე, მარჯვენასაჭიანი სატრანსპორტო საშუალებები. ყველა სატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

პირობების თანახმად, ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ერთი ფერის. ოპერატორმა ისინი საკუთარი სახსრებით უნდა გააფორმოს ბრენდირებული სტიკერით.

ამასთანავე, მგზავრობის ფასი (გადასახადების ჩათვლით) ქუთაისის აეროპორტიდან და პირიქით, შემდეგი მიმართულებებზე არ უნდა აღემატებოდეს: თბილისი – 200 ლარი, ბათუმი – 120 ლარი, ქუთაისი – 30 ლარი.