ქუთაისი-ბარსელონას გადადებული რეისის მგზავრები ამ დრომდე ქუთაისის აეროპორტში რჩებიან
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დრომდე რჩებიან მგზავრები, რომლებიც გუშინ 16:00 საათზე ბარსელონაში უნდა გაფრენილიყვნენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
აეროპორტის ადმინისტრაცია მათ სასტუმროში გადაყვანას სთავაზობს, ეს წინადადება კი მგზავრთა ნაწილისთვის მიუღებელია.
„გვეუბნებიან, რომ ბილეთის საფასურს უკან დაგვიბრუნებენ, თუმცა როდის, უცნობია. რეისის გადაცვლა მხოლოდ სხვა ქალაქების რეისებში შეიძლება, იქედან ბარსელონამდე მგზავრობის თანხა კი ჩვენ თვითონ უნდა დავფაროთ, რაც, ბუნებრივია, ჩვენთვის დამატებითი ხარჯია” – განაცხადა პირველ არხთან მგზავრმა, ნატო კერესელიძემ.
რეისი კომპანია Wizzair-ის თვითმფრინავით უნდა შესრულებულიყო, თუმცა ბორტზე ასულ 162 მგზავრს განუცხადეს, რომ ტექნიკური გაუმართაობის გამო, ფრენა ჩაიშალა და მგზავრები ბორტიდან ჩამოიყვანეს, რასაც მგზავრთა უკმაყოფილება მოყვა.
მგზავრებსა და ადმინისტრაციას შორის რამდენჯერმე იყო ხმაურიანი დაპირისპირება.
„ვიზ ეარი“ ქუთაისი-ბარსელონას გაუქმებული რეისის მგზავრებს რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობს.
როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მგზავრს, რომლის რეისიც გაუქმდა, შესაძლებლობა აქვს, უფასოდ იმგზავროს Wizz Air-ის ალტერნატიული რეისით, მოითხოვოს ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება ან თავდაპირველი ღირებულების 120 პროცენტი WIZZ საკრედიტო ბარათზე.