ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზ ეარის“ მეორმილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზ ეარის“ მეორმილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს „ვიზ ეარის“ მეორმილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს. ანა ჰეინცი ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია „ვიზ ეარითდორტმუნდიდან ჩამოვიდა.

მეორმილიონე მგზავრს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და „ვიზ ეარის“ ფასწარმოქმნისა და შემოსავლების დეპარტამენტის უფროსი გარტ ლუნდი დახვდნენ.

მგზავრს 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი გადაეცა, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა ექნება, ევროპის 44 ქვეყნის 146 აეროპორტის 600-ზე მეტი შეთავაზებული მიმართულებიდან ნებისმიერით ისარგებლოს. ანა ჰეინცსა და რეისის სხვა მგზავრებს, რომელზეც ძირითადად უცხოელი ვიზიტორები იმყოფებოდნენ, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ საჩუქრად სიმბოლური საჩუქრები ქართული ღვინო და ჩირი გადასცა.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შვიდწლიანი წარმატებული ოპერირების შემდეგ „ვიზ ეარი“ ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

„ჩემთვის დიდი პატივია, პირადად დავხვდე „ვიზ ეარის“ მეორიმილიონე მგზავრს ჩვენს ქვეყანაში. საქართველოში ავიაკომპანიების ზრდა ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სექტორის განვითარების, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკის სტიმულირების ერთგვარი გარანტიაა. ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში კომპანია „ვიზ ეარის“ საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ვაქციოთ რეგიონულ ჰაბად კავკასიასა და ევროპას შორის. 2018 წელს „ვიზ ეარი“ გახდა ნომერ პირველი გადამყვანი საქართველოში, შვიდი წლის ჭრილში კი, მოემსახურა ორ მილიონზე მეტ მგზავრს. წლიდან წლამდე ავიაკომპანიასთან დაკავშირებით ჩვენი გეგმები მეტად ამბიციური ხდება“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

გასულ კვირას ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ქუთაისის ბაზაზე საჰაერო ხომალდების რაოდენობა ხუთამდე გაზრდა და ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულებით დაიწყებს.