ნათია თურნავა - საქართველოდან პირველად, შვედეთსა და ფინეთში პირდაპირი რეგულარული ფრენები შესრულდება 
ნათია თურნავა - საქართველოდან პირველად, შვედეთსა და ფინეთში პირდაპირი რეგულარული ფრენები შესრულდება 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი, ევროპული მიმართულებებით ფრენები უნიკალური შესაძლებლობაა, მივიღოთ დამატებითი ევროპელი ტურისტი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „ვიზ ეარს“ (Wizz Air) შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ.

ნათია თურნავას განმარტებით, შვიდი ახალი მიმართულებით ფრენა მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება, დანარჩენი ავიარეისები კი, 2020 წლის ზაფხულიდან დაემატება.

„დღეს ხელი მოვაწერეთ კომპანია „ვიზ ეართან“ ახალი 12 ევროპული მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე შეთანხმებას.  ქუთაისის აეროპორტიდან უკვე წლის ბოლოდან შვიდი  ახალი მიმართულებით დაიწყება პირდაპირი ფრენები, ხოლო დანარჩენი დაემატება 2020 წლის ზაფხულიდან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებითი ევროპელი ტურისტი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ზოგიერთი მიმართულებით,  მაგალითად, ფინეთი, შვედეთი ისტორიაში პირველად გვექნება პირდაპირი ფრენები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს მონახულების მზარდი ინტერესია.

„აქედან გამომდინარე, შევძლებთ, აქედანაც მივიღოთ ტურისტები. ეს არის შედეგი რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკების, რომელიც ასე წარმატებით დაგვირგვინდა. ჩვენი ტურისტული პოლიტიკა არის მიმართული, გავავრცელოთ მეტი ინფორმაცია საქართველოს შესახებ და ვაქციოთ რეალურად მიმზიდველ ადგილად ტურისტებისთვის, რომლის მონახულებაც უხარია ყველას, მათ შორის ევროპელ ტურისტს, მათ შორის ტრადიციული ბაზრიდან მომავალ ტურისტს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით შესრულდება. ესენია: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანიჰერაკლიონიტურკუ. შესაბამის შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ვიზ ეარის“ (Wizz Air) ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.