ქეთი მირიანაშვილი - რევაზ შიუკაშვილს ბრალდება ყველანაირი მტკიცებულების გარეშე აქვს წარდგენილი და ის აბსურდულია
რევაზ შიუკაშვილს ბრალდება ყველანაირი მტკიცებულების გარეშე აქვს წარდგენილი და ის აბსურდულია, – ამის შესახებ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, რევაზ შიუკაშვილის ადვოკატმა, ქეთი მირიანაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, საქმეში არის ძალიან ბევრი შეუსაბამობა, გაურკვეველია, სად და ვის მიერ ჩაიწერა.
„ბრალდების მხარის პოზიცია ვიცით, მაგრამ იმას, რასაც ბრალდების მხარე იტყვის, მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული“, – განაცხადა მირიანაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ამბობს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ქეთი მირიანაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის აზრით, ჩანაწერი ფალსიფიცირებულია და იქ მისი ხმა არ არის, აღნიშნული დავალება არავისგან მიუღია და აღნიშნული შეხვედრა არ შემდგარა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმის მიმდინარეობის შესახებაც არაფერი იცოდა, აღნიშნულის შესახებ ბრალის წარდგენის დროს გაიგო.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ვისი ჩვენებებით არის საქმე გამყარებული, ქეთი მირიანაშვილმა განაცხადა, რომ საქმეში ძირითადად, ბადრი პატარკაციშვილის გარემოცვის წევრებზეა საუბარი.
როგორც მირიანაშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარე აპირებს, ჩანაწერს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტაროს.
ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ აქვს კითხვა, რატომ მოხდა ბრალის წარდგენა დღეს, როცა საქმის გამოძიება არათუ დაწყებულია, არამედ ბრალდების ე.წ მტკიცებულებები ორი წლის წინ არის შეგროვებული.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს დაცვის მხარე, რომ 2016 წელს ყველა მტკიცებულება არსებობდა, რადგან პროკურატურა საპირისპიროს ამტკიცებს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ როგორც დაცვის მხარისთვის გადაცემული საქმის მასალებიდან ჩანს, 2016 წლის სექტემბრიდან დღემდე, არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა და ამ პერიოდის განმავლობაში, საქმეში არც ერთი დამატებითი მტკიცებულება არ არის მოპოვებული.