ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის მომზადების საქმეზე დაზარალებული ჯემალ შამათავა დაიკითხა
ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის მომზადების საქმეზე დაზარალებული ჯემალ შამათავა დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის მომზადების საქმეზე დაზარალებული ჯემალ შამათავა და აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი დაიკითხა.

ურეკის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ჯემალ შამათავამ მისთვის მიცემული დავალება გაიხსენა, რომელიც მან არ შეასრულა.

„კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსისგან მივიღე დავალება, რომ გამოგვერიდებინა დაცვა, რომელიც პატარკაციშვილის აგარაკის ტერიტორიას იცავდა. საღამოს, დაახლოებით 11 საათი იქნებოდა, დამირეკა და მკითხა, სად ვიყავი. მითხრა, სტუმრები მყავსო, ბადრის სახლიდან მოხსენი ჯგუფებიო. მე ვუთხარი, ჩვენ ხომ შევთანხმდით, მე ამ საქმეებში ნუ გამრევთქო. მე ჩემს თანამშრომელს ვუთხარი, რომ გათავისუფლე ტერიტორია-მეთქი. ვიცოდი, რომ კარგი არაფერი არ იგეგმებოდა და შეტყობინება გავუგზავნე კომენდატს, რომ სტუმრები გვყავს-თქო. დაახლოებით ორ საათში, პატარიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ისეთი რაღაცა გააკეთე, კარგი არაფერი დაგემართებაო. მაგის მერე დამირეკა პატარიძემ და მითხრა, რომ ნივთი იყო პატარკაციშვილის სახლში შესატანი, მაგრამ ჩემთვის კონკრეტულად არ უთქვამს. სულ ხუთი კაცია, ვისაც დაცვა არ ჩხრეკსო“, – განაცხადა ჯემალ შამათავამ დაკითხვისას.

ამის შემდეგ საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ჯემალ შამათავამ მოყვა, რომ ის წინასწარ დადგმული სცენარით მოგონილი ბრალდებით დააკავეს წამებისა და გაუპატიურების მუხლებით. მისი განცხადებით, უთხრეს, რომ ის დაკავებული იყო და მინისტრის ბრძანებას ასრულებდნენ.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა თეიმურაზ პატარიძე, რომელიც 2006 წელს აჭარაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იყო. მისი თქმით, ის მაშინ გია დგებუაძემ დაიბარა შეხვედრაზე, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა ლევან ქარდავა და მისთვის უცნობი კიდევ ორი პირი.

„ჯემალ შამათავა მუშაობდა ურეკის პოლიციაში. ჩემი ინფორმაციით, მოხდა მისი დაკავება ბადრი პატარკაციშვილის ოპერაციის ჩაშლის გამო. ზუსტად არ მახსოვს რიცხვი, 2006 წლის აგვისტოში გიორგი დგებუაძე იყო ჩამოსული, მათ რაღაც ღონისძიება ქონდათ ჩასატარებელი ურეკის ტერიტორიაზე. გიორგი ჩიქოვანი ჩავიყვანე ურეკში. შევხვდი გიორგი დგებუაძეს და ქარდავას. ვინაიდან ჩემი ნათესავია ჯემალ შამათავა, მითხრა, რომ დაურეკე და განარიდოს თანამშრომლებიო, ხელი რომ არ შეეშალოს ღონისძიებასო. დგებუაძეს ტელეფონზე ჰქონდა საუბარი. დგებუაძემ მითხრა, ეს შამათავა გამყიდველი ყოფილაო, მაგან გააფრთხილა კომენდანტი თუ ვიღაცო, ფრთხილად იყავიო. შემდეგ ჩიქოვანი მოვიდა და დავიშალეთ. ჩიქოვანს გასროლა უნდა განეხორციელებინა, მე ასეთი აზრი გამოვიტანე, რომ დაშინების მიზნით, ბადრის პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე. რამდენიმე კვირის შემდგომ გავიგე, რომ ჯემალ შამათავა დააკავესო. მე წყალტუბოში დროებითი მოთავსების იზოლატორში ვნახე შამათავა. აღარ მახსოვს, დამირეკა დგებუაძემ თუ ქარდავამ და მითხრეს, ეგ შენი საქმე არ არისო“, – განაცხადა აჭარის კუდ-ის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ პატარიძემ.

საქმე ეხება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას, რაც გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ჯემალ შამათავას 2006 წელს დაუკავშირდნენ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და აცნობეს, რომ ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა დაცვა, რადგან გაფრთხილების სახით უნდა მომხდარიყო გასროლა, რათა ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა. ჯემალ შამათავამ კი ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები დაიგეგმა და ის გაასამართლეს.

საქმეზე ბრალდებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამი თანამშრომელი, ლევან ქარდავა, ილია გამგებელი და დავით ქოქიაშვილი.

დატოვე კომენტარი