ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე სასამართლოში სამი მოწმე დაკითხა
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე სასამართლოში სამი მოწმე დაკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის განხილვა გრძელდება. საუბარია ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე. დღევანდელ პროცესზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა. ერთ-ერთი მოწმე ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრი იყო, რომელიც ურეკის რეზიდენციას მეთვალყურეობას უწევდა.

პროკურორის თქმით, მოწმემ დაადასტურა, რომ ურეკის პოლიციის უფროსისგან, ჯემალ შამათავასგან მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება და გაფრთხილება, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ. მაშინდელი ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსნებმა კი, ამისთვის ის უსამართლოდ დააპატიმრეს.

„სამი მოწმე დაიკითხა, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის კომენდანტი. მან დაადასტურა, რომ ჯემალ შამათავასგან მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება სადაც მას უთხრეს, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ. სწორედ ამ გაფრთხილების შემდეგ დააკავეს შამათავა უკანონოდ და მან რამდენიმე წელი მოიხადა. ასევე დაიკითხა ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრი და ურეკის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი. ჩვენებებით დასტურდება, რომ 2006 წელს პატარკაციშვილის რეზიდენციაზე დაცვა გაძლიერებული იყო, რადგან სისტემატურად მიმდინარეობდა უკანონო თვალთვალი“, – განაცხადა პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ.

ადვოკატის განცხადებით, მოწმეების ჩვენებები არაზუსტია და მათ ვარაუდებზე დაყრდობით ისაუბრეს.

„მოწმეები, რომელიც წარმოადგინა ბრალდების მხარემ, მათი ჩვენებები ძირითადად ემყარებოდა ვარაუდებს, კონკრეტული დეტალებზე მათ საქმესთან დაკავშირებით და ბრალდებასთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ. ფაქტიურად სრულად გამორიცხეს ლევან ქარდავას ბრალეულობა იმ ნაწილში, რისთვისაც მას ბრალი აქვს წარდგენილი“, – განაცხადა ადვოკატმა, გია გოროზიამ.

საქმე ეხება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას, რაც გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ჯემალ შამათავას 2006 წელს დაუკავშირდნენ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და აცნობეს, რომ ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა დაცვა, რადგან გაფრთხილების სახით უნდა მომხდარიყო გასროლა, რათა ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა.

ჯემალ შამათავამ კი ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები დაიგეგმა და ის გაასამართლეს.

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, დავით ქოქიაშვილი და ილია გამგებელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ.  ლევან ქარდავა კი ბრალს არ ეთანხმება.