ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდების მოწმემ განაცხადა, რომ ბიზნესმენის დაშინების მიზნით, მისი სახლის მიმართულებით გასროლა იგეგმებოდა
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდების მოწმემ განაცხადა, რომ ბიზნესმენის დაშინების მიზნით, მისი სახლის მიმართულებით გასროლა იგეგმებოდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას განზრახ უკანონოდ დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი დაიკითხა.

ბრალდების მხარის მოწმემ, გიორგი ჩიქოვანმა ისაუბრა 2006 წლის ზაფხულში დაგეგმილ ღონისძიებაზე, რა დროსაც მოწმის განცხადებით, უნდა მომხდარიყო ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის სახლის მიმართულებით გასროლა მისი დაშინების მიზნით. მოწმე დისტანციურად დაკითხეს, რადგან ის დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

„ეს იყო 2006 წლის აგვისტოს დასაწყისში. თეიმურაზ პატარიძემ დამირეკა, მითხრა, უნდა წავსულიყავი ბათუმიდან ურეკში. გავჩერდით რკინიგზის ლიანდაგებთან, ღამის საათები იყო. ამის შემდეგ განხორციელდა ზარი. იქვე მოგვიახლოვდა შავი ფერის ჯიპი, რომელიც თბილისიდან იყო ჩამოსული. ამ მანქანიდან გადმოვიდნენ პიროვნებები, ჩასხდნენ მანქანაში. ესენი იყვნენ ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე. ლაპარაკი შედგა, რომ იყო ჩასატარებელი სპეციალური ღონისძიება და უნდა განხორციელებულიყო ბადრი პატარკაციშვილის სახლის მიმართულებით გასროლა ან უნდა მოკლულიყო მისი ძაღლი. პატარიძემ დაურეკა შამათავას, დაცვა მოხსენი ღონისძიებაა ჩასატარებელიო, მანქანაში აქტიურ ფაზაში მიყავდა საუბარი გია დგებუაძეს. ლევან ქარდავაც იჯდა მანქანაში და იღებდა დისკუსიაში მონაწილეობას. მე უნდა შემესრულებინა ეს. პარალელურად, გია დგებუაძე ლაპარაკობდა ტელეფონით. დგებუაძემ დაურეკა შამათავას და უთხრა, რომ ჩვენ ჩამოსულები ვართო, მერე დგებუაძის მხრიდან ითქვა, მაინც ხომ არ გაგვეკონტროლებინა შამათავას ტელეფონიო. ამის შემდეგ მე გადმოვედი, ავიღე მაყუჩიანი იარაღი, უნდა გამეგო, რა სიტუაცია იყო და გამერკვია, რა ხდებოდა პატარაკაციშვილის აგარაკის მიმართულებით. 25 წუთის განმავლობაში ვზვერავდი, რა სიტუაცია იყო. აგარაკის შიდა პერიმეტრი იყო გამაგრებული და დაცვის პოლიცია არ იყო მოხსნილი. შევიტყვე, რომ ჯემალ შამათავას მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაუფრთხილებია პატარკაციშვილიო. მანამდე იყო ჯემალ შამათავას ტელეფონი კონტროლზე აყვანილი. შამათავაზე როცა ლაპარაკობდნენ, ესეთი ლაპარაკიც იყო მანქანაში, რომ ეს მოსაკლავიაო, ჩაიშალა ღონისძიებაო და ძალიან დიდი შეცდომა დაუშვაო. მე როგორც ვიცი, დგებუაძე მითითებებს იღებდა ახალაიასგან. დათა ასეაო, ახსენა დგებუაძემ. ამის შემდეგ თბილისიდან მივიღეთ მითითება, რომ დაიშალეთო. ჩვენ ბათუმის მიმართულებით წავედით. ამის შემდეგ იგივე დავალება ჩვენთვის არ მოუციათ. მე ვიცი, რომ სურდათ ჯემალ შამათავას ლიკვიდაცია და მერე გავიგე, რომ ის იყო დაკავებული. მე საპყრობილეში გავიცანი შამათავა. ნასამართლევი ვარ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე“, – განაცხადა მოწმემ, გიორგი ჩიქოვანმა.

მოწმის ჩვენებას უნდობლობას უცხადებს ლევან ქარდავა და მისი ადვოკატი. ადვოკატი ამბობს რომ მოწმე ჩიქოვანი ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევა და ფაქტობრივ გარემოებებზე ვერ საუბრობს.

საქმე ეხება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას, რაც გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ჯემალ შამათავას 2006 წელს დაუკავშირდნენ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და აცნობეს, რომ ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა დაცვა, რადგან გაფრთხილების სახით უნდა მომხდარიყო გასროლა, რათა ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა. ჯემალ შამათავამ კი ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები დაიგეგმა და ის გაასამართლეს.

საქმეზე ბრალდებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამი თანამშრომელი, ლევან ქარდავა, ილია გამგებელი და დავით ქოქიაშვილი.