ქეთევან მსხილაძე - ფილმის არგაშვება ისეთ ზიანს მიაყენებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის განეიტრალებას მერე ძალიან დიდი დრო დასჭირდება
თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის შესახებ გადაღებულ ფილმს აქვს გარკვეული ნაკლოვანებები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს, რათა ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმფცია იყოს დაცული, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ქეთევან მსხილაძემ განაცხადა.
„მეორე მხრივ, ამ ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის მიერ გადაღებულ ყველა ფილმში, რომელიც ყოველ შემთხვევაში მე მინახავს, არის ასეთი დარღვევები და ეს ფილმები გადიოდა 2014 წლიდან მოყოლებული, ორ კვირაში ერთხელ. ორმაგი სტანდარტი რომ არ გამოვიდეს, აგრეთვე იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში – ვიცით, რომ გამოძიება არასწორად წარიმართა, ვიცით, საზოგადოებრივი აზრი როგორია ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეს ფილმი უნდა გავიდეს ეთერში, ოღონდ მას შემდეგ, რაც შესწორდება ხარვეზები. ამ ფილმის არგაშვება ისეთ ზიანს მიაყენებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის განეიტრალებას მერე ძალიან დიდი დრო დასჭირდება.
ბლოკის მენეჯერის გადაწყვეტილება სწორი იყო, ოღონდ ასეთივე დამოკიდებულება უნდა იყოს ამ ბლოკის სხვა გადაცემების მიმართაც. გადაწყვეტილება გააჩენს დაბლოკვის ინტერპრეტაციასა და განცდას, გამომდინარე იქიდან, რაც ვთქვი, რომ 2014 წლიდან მოყოლებული გადიოდა ამ ჯგუფის ფილმები, სადაც მრავლად იყო დარღვევები. იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აიცილოს დიდი ზიანი, რაც ამ ფილმის არგაშვებით მიადგება, ფილმს უსათუოდ შევასწორებდი, ხარვეზებს აღმოვფხვრავდი და გავუშვებდი თუნდაც დათქმით – საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაჩნია, რომ აქ გარკვეული უზუსტობები არის, მაგრამ საზოგადოებრივი მოლოდინიდან გამომდინარე, ზაზა სარალიძისთვის თანაგრძნობის გამოსახატად, ფილმი გავა ეთერში. გიორგი გვიმრაძის გადაწყვეტილება ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ შეეჩერებინა ფილმის გაშვება ხარვეზების გამო, სწორია, მაგრამ გიორგი გვიმრაძე ასეთივე კეთილსინდისიერებით უნდა მიუდგეს სხვა გადაცემებსაც“, – განაცხადა მსხილაძემ.
პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ 15 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმის „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“ არსებული ფორმით გასაჯაროებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, რომ ფილმზე სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.