გიორგი გვიმრაძე - ფილმზე „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“ გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოსგან ველოდები
გიორგი გვიმრაძე - ფილმზე „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“ გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოსგან ველოდები

პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმზე „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.

„მსურს, გამოვეხმაურო იმ კითხვებს, რომელიც დღეს და ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში გაისმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ და განსაკუთრებით, მისი მენეჯმენტის მიმართ. საქმე ეხება „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმს „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“. ხაზს ვუსვამ მომზადებულ ფილმს. დღეს საბოლოოდ მივიღე სიტყვიერი დადასტურება ფილმზე მომუშავე ჯგუფისგან, რომ ფილმი დასრულებულია და მასში ჩემს შენიშვნებს აღარ გაითვალისწინებენ.

ფილმის დასრულებული ვერსია, შიდა სარედაქციო პროცედურების გავლის შემდეგ, მე მივიღე მათგან 13 ივნისს დაახლოებით საღამოს 12 საათისათვის. ანუ მანამდე ფილმი დასრულებული სახით ნამდვილად არ არსებობდა და ამას ადასტურებს ყველა ის პროცედურა, რომელსაც მანამდე გავდიოდით. მინდა აღვნიშნო, რომ მანამდე, 13 ივნისს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, იმ დროისათვის არსებული ფილმის დაუსრულებელი ვარიანტი, ჩემი შენიშვნებით გავუგზავნე, როგორც სამეურვეო საბჭოს, ასევე დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას და სახალხო დამცველს, რითაც მათ ინფორმაცია მივაწოდე, რა ეტაპზე იყო ფილმის მზადების პროცესი და რა პროცედურებს გადიოდა იგი მანამდე.

ამის შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნე, მივიღე, ჯგუფისგან ფილმის საბოლოო ვარიანტი, რომელშიც ჩემი შენიშვნებიდან, მხოლოდ მცირედი და არაპრინციპული ნაწილი იყო გათვალისწინებული. დიდი ნაწილი პრინციპული შენიშვნებისა, ჯგუფმა არ გაითვალისწინა. დღეს, 15 ივნისს, მივმართე სამეურვეო საბჭოს, შექმნილი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პოლიტიკური ინსინუაციების თავიდან ასაცილებლად, იმსჯელოს ფილმის თაობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

მათ, ასევე მივაწოდე ჩემი შენიშვნები უკვე დასრულებულ ფილმთან დაკავშირებით და ჩემი დამოკიდებულება, რომ არსებული ფორმით, ფილმის გასაჯაროებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. შენიშვნებს ამ ეტაპზე არ ვასაჯაროებ, რადგან ამ წუთას საჯარო არ არის ფილმი. ასევე ფილმი გადავუგზავნე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „სამართლიან არჩევნებს“. მზად ვართ მივიღოთ მათი მოსაზრებები.

აქვე მინდა გამოვეხმაურო განცხადებებს, თითქოს ფილმი პოლიტიკური მოსაზრებებით იბლოკება და იგი თაროზეა შემოდებული. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, აღმასრულებელი საბჭოს არც ერთ წევრს, გარდა იურიდიული სამსახურის უფროსისა (რომლის შენიშვნები და რეკომენდაციები მე გავითვალისწინე ჩემი შენიშვნების შემუშავებისას), არ უნახავს და შესაბამისად, ვერ დაბლოკავდა ფილმის გაშვებას, მათ შორის, ვერც გენერალური დირექტორი. მათ, როგორც ბლოკის ხელმძღვანელმა, მივაწოდე ყველა საჭირო ინფორმაცია ფილმის მზადების ეტაპებთან დაკავშირებით და ცხადია, იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ზევით არის აღწერილი.

ზოგადად, დღევანდელ დღეს, ცოტა უცნაურად მეჩვენება, როგორ უნდა აღკვეთო რაიმეს გასაჯაროება? თუ ეს მართლაც ამდენად მნიშვნელოვანია. ასე რომ, ახლა უკვე მე, როგორც ბლოკის დირექტორი და შესაბამისად, ამ მიმართულების მთავარი რედაქტორი, ველოდები სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნულია გიორგი გვიმრაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.