ქეთევან ცინცაძე - დამოუკიდებელი ინსპექტორის სახელზე შემოსული საჩივრებიდან, არც ერთი არ გამხდარა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი
დამოუკიდებელი ინსპექტორის ქეთევან ცინცაძის განცხადებით, მის სახელზე 272 საჩივარი დაიწერა.
მისი თქმით, საჩივრების სამი ტიპი გამოიკვეთა, კერძოდ, საქმეთა განხილვის გაჭიანურება, მოსამართლის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება და სასამართლოს მიერ მიღებული აქტების კანონიერება.
ამასთან, როგორც დამოუკიდებელმა ინსპექტორმა აღნიშნა, არც ერთი საჩივარი არ გამხდარა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძირითადად საჩივრის ავტორები, გადაწყვეტილების კანონიერებას ხდიან სადაოს, თუმცა ინსპექტორის სამსახური ვერ შეაფასებს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონერებას და ეს არის ზემდგომი სასამართლოს ინსტანციის კომპენტენცია“, – განაცხადა დამოუკიდებელმა ინსპექტორმა.
კითხვაზე, რას გულისხმობს მოსამართლის მხრიდან საქმის არაჯეროვანი შესრულება, დამოუკიდებელი ინსპექტორი აცხადებს, რომ მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაირღვა მხარის კონსტიტუციური უფლება, „რაც მოსამართლემ განახორციელა განზრახ და უხეშად“, – განმარტავს ქეთევან ცინცაძე.
როგორც ცინცაძემ განაცხადა, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისას მოსამართლეს ჩამოერთმევა ახსნა-განმარტება კონკრეტულ გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით და ამის შემდგომ საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისი პასუხისგებაში მიცემის საკითხთან მიმართებაში.
დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე ექვსთვიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს. დამოუკიდებელ ინსპექტორს თანამდებობაზე არჩევიდან დღემდე, ჯამში 272 დისციპლინური საჩივარი გადაეცა. 2018 წლის 15 ივნისის მდგომარეობით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ 100-მდე საჩივარზე დასკვნა მომზადდა.
მისივე თქმით, 85 საქმესთან მიმართებაში შეწყდა დისციპლინური სამართალწარმოება, ხოლო დაახლოებით 25 საქმემდე მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო.