ქეთევან ციხელაშვილი - იქმნება ახალი შესაძლებლობა, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ნებისმიერ პირს სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს
ქეთევან ციხელაშვილი - იქმნება ახალი შესაძლებლობა, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ნებისმიერ პირს სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს

იქმნება ახალი შესაძლებლობა, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ნებისმიერ პირს სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს წარმოდგენილ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ინიციატივის მეორე მიმართულება ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნაა.

„ეს არის წვდომის გამარტივება ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. ეს არის ამ ორივე რეგიონში ახალგაზრდებისათვის ინტერესის განსაკუთრებული საგანი.

ეს იქნება უპირველესად მშობლიურ ენაზე განათლების უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით მუშაობა.  ყველამ კარგად ვიცით, რომ განსაკუთრებული გამოწვევა არსებობს გალისა და ახალგორის რაიონებში, სადაც მოსახლეობას მშობლიურ ქართულზე ენაზე სწავლის შესაძლებლობა აქვს წართმეული.  მომავალში ეს იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაზეც ვიმუშავებთ პარტნიორებთან ერთად, რათა ეს უფლება იყოს უზრუნველყოფილი და დაცული.

მნიშვნელოვანი მიმართულებებია აფხაზური ენის დაცვა და განვითარება; გამარტივებულია განათლების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობები;  უმაღლესი განათლების საფეხურზე წვდომის გამარტივება, სადაც იქნება განსაკუთრებით ბევრი სიახლე.

ასევე, გამარტივებულია შესაძლებლობები საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვისა და საზღვარგარეთ განათლების მიღებისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. სიახლეებია პროფესიული განათლების კუთხით და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის, მათი დაფინანსების კუთხით“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, რამდენიმე გზა არსებობს, რათა საქართველოს უმაღლეს  ან პროფესიულ სასწავლებლებში მოხვდნენ პირები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

„თქვენ იცით, რომ დღესაც ძალიან ბევრი აბიტურიენტი აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სახელმწიფოს აქვს სპეციალური კვოტა. ამ კვოტის ფარგლებში, გათვალისწინებულია სახელმწიფო გრანტი, რაც აუცილებლად დარჩება და გაგრძელდება მომავალშიც. ასევე, მათ, ვისაც ქართულ ენაში კომპეტენციის გამო უჭირს მისაღებ  გამოცდაზე გასვლა, შესაძლებლობა ექნება, საგნები ჩააბაროს რუსულ ენაზე, ხოლო მშობლიური ენა ჩააბაროს აფხაზურ და ოსურ ენაზე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, არსებობს 1+4 სისტემა, რომ აფხაზურ და ოსურ ენებზე უნარების ერთი გამოცდით მოხვდეს სტუდენტი ერთწლიან მოსამზადებელ საფეხურზე და შემდგომ, უგამოცდოდ გააგრძელოს სწავლა 4-წლიან ბაკალავრიატზე. თუმცა, როგორ მინისტრმა აღნიშნა, სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ უნარების გამოცდების ჩაბარება აფხაზურ და ოსურ ენაზე უჭირთ აბიტურიენტებს, ამიტომ დღევანდელი საკანონმდებლო ცვლილებებით, ეს ტესტი იცვლება ენის ტესტით. შესაბამისად, მხოლოდ ერთი გამოცდით – აფხაზურ და ოსურ ენაში გამოცდით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ 1+4 პროგრამით და უგამოცდოდ გააგრძელონ სწავლა 4-წლიან საფეხურზე.

კიდეც ერთი სიახლით კი, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საერთოდ ახალი შესაძლებლობა იქმნება, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ნებისმიერ პირს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

“ეს გახლავთ სკოლის შემდგომი განათლების მომზადების ცენტრი, რომელიც ნებისმიერ პირს მიიღებს. ეს არის ფაქტობრივად მეთორმეტე კლასის ერთგვარი ჩამანაცვლებელი პროგრამა, სადაც შეისწავლება არჩევითი საგნები, მოხდება ამ სტუდენტების მომზადება სწავლის გასაგრძელებლად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ და ამ ცენტრის დასრულების შემდგომ, ცენტრის ტესტირების საფუძველზე და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ისინი ასევე უგამოცდოდ მოხვდებიან ან უმაღლეს სასწავლებელში, ან პროფესიულ სასწავლებლებში. ასევე, ეს ცენტრი დაეხმარება საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა –  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;  მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;  მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.