ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე იმსჯელეს
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე იმსჯელეს

ქართული მხარის ინიციატივით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმსჯელეს.

ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეთევან ციხელაშვილმა მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების თაობაზე, რომელმაც დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ მასობრივ დანაშაულებებზე.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის ისეთი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის თაობაზე, როგორიცაა: სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, მიმოსვლის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა და საკუთრების უფლება.

„გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, შესაბამისად, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ყველა იმ დარღვევაზე, რაც სასამართლომ დაადგინა.

ელჩმა აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინებაში ასახული დარღვევები ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ქართველთა ეთნიკურ წმენდაზე, იმ პირობებში, როდესაც ხდებოდა ქართული სოფლების მიზანმიმართულად გადაწვა, ქართველთა სახლების ძარცვა და განადგურება და ასევე, იმ ვითარებაში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების საკითხზე განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, კანადის, აშშ-ის,  უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს დელეგაციებმა.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დელეგაციებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.