ქეთევან ციხელაშვილი - ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა, სადაც რუსეთს მოუწოდებენ, უკუაქციოს ოკუპაციის პოლიტიკა
ქეთევან ციხელაშვილი - ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა, სადაც რუსეთს მოუწოდებენ, უკუაქციოს ოკუპაციის პოლიტიკა

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც საქართველოზეა საუბარი.

ელჩის შეფასებით, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა.

„ძალიან მნიშვენლოვანი განცხადება გაკეთდა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში. 15 მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ფაქტობრივად გააკეთეს მკაფიო მხარდამჭერი განცხადება, სადაც არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ამ პრინციპების ურყევობას უსვამენ ხაზს, არამედ, ასევე, მკაფიოდ მოუწოდებენ რუსეთს, რომ უკუაქციოს ოკუპაციის პოლიტიკა, უკან წაიღოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების აღიარება ე.წ. და გაიყვანოს საკუთარი ჯარები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. შეფასებულია ასევე, სოჭში რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდგომ გაფორმებული სოციალურ-ეკონომიკურ ე.წ. საერთო პროგრამა, როგორც დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი და კიბერრისკები, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან. რაც მთავარია, ამ განცხადებაში არის პირობა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები კვლავაც გააგრძელებენ ყურადღებით შესწავლას ადგილზე სიტუაციის და რუსეთზე ზეწოლას, რომ ის გახდეს ანგარიშვალდებული საკუთარი პასუხისმგებლობისა, რათა დადგეს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. დიპლომატიურ სამყაროში, დიპლომატიურ ენაზე ასეთი მაღალი დონის განცხადება არის რა თქმა უნდა დიდი წარმატება. რუსეთი არამარტო საქართველოში, არამედ სამეზობლოში აგრძელებს პროვოკაციულ პოლიტიკას, მაგრამ ჩვენთვის საერთაშორისო ყურადღების მობილიზება, ასეთი მკაფიო განცხადებები უმაღლეს დონეზე არის აუცილებელი იმისათვის, რომ პირველი, რუსეთმა ვერ მიაღწიოს წარმატებას საკუთარ პოლიტიკაში და მეორე ის, რომ ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკას ჰქონდეს პოლიტიკური, დიპლომატიური საყრდენი“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, კიდევ ერთი დოკუმენტი მუშავდება ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში.

„მუშავდება განცხადება ეუთო-ს თავმჯდომარეებისა, სადაც მაქვს დიდი იმედი, რომ ჯეროვნად აისახება საქართველოს საკითხი. ეუთო-ს მინისტერიალზე მიიღება გადაწყვეტილებები, დეკლარაციები, რაც მერე ხდება სახელმძღვანელო ეუთო-ს სახელმწიფოებისთვის. ეუთო-ს აქვს კონსესუსის პრინციპი, ანუ ყველა უნდა იყოს თანახმა, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება და რადგან იბლოკება ასეთი გადაწყვეტილებები, ამიტომ მეგობარმა სახელმწიფოებმა გააკეთეს 17 პუნქტი. ალბანეთი არის წელს, შარშან სლოვაკეთი იყო, მომდევნო-შვედეთი, პოლონეთი, ჩრ. მაკედონია-ეს ხუთეული აპირებს გააკეთოს საერთო განცხადება, რადგან კონსესუსის პრინციპით ვერ თანხმდება პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მესიჯები“, – განაცხადა ციხელაშვილმა.