ქეთევან ციხელაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან კახა კუჭავას შეხვედრა ყველა აქტუალურ საკითხზე, რომელიც ჩვენს დღის წესრიგშია
ქეთევან ციხელაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან კახა კუჭავას შეხვედრა ყველა აქტუალურ საკითხზე, რომელიც ჩვენს დღის წესრიგშია

ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან შეხვედრა, რა დროსაც საუბარი შეეხო ყველა იმ აქტუალურ საკითხს, რომელიც არის საქართველოს დღის წესრიგში.

ციხელაშვილის განმარტებით, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი გამოხატავს 16 ქვეყნის მყარ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.

„გაიმართა შეხვედრა საქართველოს მეგობართა ჯგუფთან ეუთო-ში, რომელიც უკვე 16 წევრ სახელმწიფოს მოიცავს. წელს გაწევრიანდა სლოვაკეთი და კიდევ უფრო გაძლიერდა ეს ჯგუფი. ზოგადად ძალიან აქტიური ჯგუფია, რომელიც გამოხატავს 16 ქვეყნის ძალიან მყარ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ასევე ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობის თაობაზე, მათ შორის ეუთო-ს ფარგლებში, რომ იქნას უზრუნველყოფილი დეოკუპაცია. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, თუმცა ეს ჯგუფი არის ძალიან დაინტერესებული საქართველოში დემოკრატიული განვითარებით, რეფორმებით, ისინი არიან ნამდვილი მეგობრები მეგობართა შორის და ცხადია, დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მათთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც არის ჩვენს დღის წესრიგში. ეს არის ცალსახად მხარდაჭერის გამოხატვა ყველა წევრი სახელმწიფოსგან, რომელთა დედაქალაქები ისედაც აქტიურად მუშაობენ და მხარს გვიჭერენ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კახა კუჭავა ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ღონისძიების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბევრი საკითხი იქნება განხილული.