ქეთევან ციხელაშვილი - პარლამენტის რეზოლუციაში მნიშვნელოვანი გზავნილებია იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც რუსეთს ეკისრება 
ქეთევან ციხელაშვილი - პარლამენტის რეზოლუციაში მნიშვნელოვანი გზავნილებია იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც რუსეთს ეკისრება 

ექსპერტების განცხადებით, პირველადი დაკვირვებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე არის დაზიანებები. დასადგენია წარმოშობა, ხარისხი და რაც მთავარია, კავშირი გარდაცვალების გარემოებებთან,  – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომელიც წილკანში ჩავიდა და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

მინისტრი ამბობს, რომ გამოძიება დამნაშავე პირებს გამოავლენს და სახელწიფო მათი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

ციხელაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვანი აქცენტებსა და გზავნილებს შეიცავს.

“საქართველოს პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო, რომელშიც მნიშვნელოვანი აქცენტები და გზავნილებია სწორედ იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციას მიმდინარე მოვლენებზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეკისრება. დოკუმენტში საუბარია ყველა იმ დარღვევაზე, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებების შელახვას, მათ შორის ასეთი უმძიმესი გამოვლინებით, როდესაც ხდება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, სხვადასხვა ტიპის დარღვევებს, უკანონო დაკავებებს, ქართული სოფლების კვალის წაშლის მცდელობებს და ასე შემდგომ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გადაიდგას ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ, საერთაშორისო უსაფრთხოების მისიების, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტის ამოქმედებისკენ, რაც იქნებოდა ქმედითი ნაბიჯი ზუსტად ადამიანების სიცოცხლის თავისუფლების და უფლებების დასაცავად. ასევე მნიშვნელოვანია მოწოდებები საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, რომ მხარი დაუჭიროს, ერთის მხრივ, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, იმ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დეოკუპაციისკენ და მეორეს მხრივ, ხალხთაშორის კონტაქტების წახალისებისაკენ. ასევე, შეიცავს მინიშნებებს პასუხისმგებლობაზე შესაძლო გამოვლენილი პირების შემთხვევაში. ოთხოზორიას შემთხვევაში ეს პირი გამოვლენილიც გახლავთ, ბრალდებულიც გახლავთ, მის მიმართ გამოტანილია განაჩენი და მეტიც, იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით”, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.