„ემპათია“ დღეს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელს ევროპის საერთაშორისო სასამართლოში გაგზავნის
„ემპათია“ დღეს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელს ევროპის საერთაშორისო სასამართლოში გაგზავნის

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში გააგზავნის სარჩელს – „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ”.

სარჩელთან ერთად, სტრასბურგში გაიგზავნება ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, სადაც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.

ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესებს ცენტრ „ემპათიას“ იურისტები იცავენ. ადვოკატები საუბრობენ ევროკონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) და მე-13 მუხლების (ეფექტური ზომა) დარღვევებზე.

სარჩელის გაგზავნას უახლოეს დღეებში აპირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროც. ეს იქნება სახელმწიფოთაშორისი სარჩელი „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და ძალადობრივი სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსურ-კომისიურისასამართლო ექსპერტიზა დაასრულა. 

როგორც „ემპათიაში“ აცხადებენ, აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ემპათიას“ ხელმძღვანელმა პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ დასკვნის მიხედვით, წამების დროს არჩილ ტატუნაშვილი შებოჭილი იყო.

საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტმა რუსუდან ბერიაშვილმა პირველ არხს განუცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე რუსული დასკვნა კატეგორიულად არის უარყოფილი.