საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტი - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე რუსული დასკვნა კატეგორიულად არის უარყოფილი
საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტი - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე რუსული დასკვნა კატეგორიულად არის უარყოფილი

არჩილ ტატუნაშვილის გულის გაჩერების მთავარ მიზეზად ვასახელებთ ძლიერ ტკივილსა და ტანჯვას, რაც წამების მეთოდების გამოყენებას მოჰყვა, – ამის შესახებ პირველ არხს საერთაშორისო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, რუსუდან ბერიაშვილმა განუცხადა. ის ერთ-ერთია, ვინც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ კომპლექსურ- კომისიურ დასკვნაზე მუშაობდა.

„ჩვენმა კომისიამ ბოლო დასკვნით, პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი განსაზღვრა წამებასა და დაზიანებებს შორის. უშუალოდ სიკვდილის მიზეზად დადგენილია წამება. ეს არის საერთაშორისო ნორმებით და სტანდარტებით განსაზღვრული. დასკვნა არის გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებით შედგენილი“, – განაცხადა რუსუდან ბერიაშვილმა.

მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის წინააღმდეგ წამების სხვადასხვა მეთოდია გამოყენებული, მათ შორის, პოლიციის ხელჯოხებით ცემა.

„სამწუხაროდ, ამ ყველაფერზე საუბარი არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის შემდეგ გვიწევს. წამების მეთოდებზე მსჯელობა შეგვიძლია იქიდან გამომდინარე, რა სურათიც გვაქვს და რა დაზიანებებიც არის აღწერილი. როდესაც წამების მსხვერპლი გადარჩება ხოლმე, მაშინ არის შესაძლებლობა, თვითონ მოჰყვეს მომხდარის შესახებ. ამ შემთხვევაში, არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მსხვერპლის მონაყოლით ვიმსჯელოთ.

არჩილ ტატუნაშვილის წინააღმდეგ გამოყენებულია სასტიკი ცემის მეთოდი, დიაგნოსტიკურად, ეს არის ცემა პოლიციის ხელჯოხებით. ამის პირდაპირი კვალია ასახული მთელს სხეულზე, სხვა მკვრივი /ბლაგვი საგნებით.

გარდა ამისა, არის გენიტალიის მიდამოში მიყენებული დაზიანებები, რაც ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ წამების მეთოდად ითვლება. დაზიანებების მიხედვით, ვვარაუდობთ, რომ დაზიანებები დარტყმით ან “შემოგრეხვით” არის მიყენებული. ეს ქმედებები არის წამების მეთოდები, ვინაიდან სასქესო ორგანოების მიდამოშია მიყენებული.

შეიძლება ადგილი ჰქონდა “მოგუდვას”. არის რაღაც სიმპტომები, რომლებიც გვაძლევს ამის ვარაუდის საშუალებას. უფრო მეტად ამის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, ვინაიდან არ არის შინაგანი ორგანოები“, – განუცხადა პირველ არხს რუსუდან ბერიაშვილმა.

ამასთან, როგორც საერთაშორისო სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ამბობს, არჩილ ტატუნაშვილის გულის გაჩერების მთავარ მიზეზად სახელდება ძლიერი ტკივილი და ტანჯვა, რაც წამების მეთოდების გამოყენებას მოჰყვა.

„გულის უკმარისობა, როგორც ქრონიკული მიზეზი იმისა, რომ გულის გაჩერება განვითარდა, ანუ პირდაპირი სიკვდილის მიზეზად მხოლოდ უკმარისობის დატოვება უარყოფილია.

იმის გამო, რომ ჩვენ შინაგანი ორგანოების გამოკვლევის საშუალება არ მოგვეცა, იძულებული ვართ, დავეყრდნოთ იმას, რასაც ისინი გვეუბნებოდნენ ორგანოებში ცვლილებებთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, გულის გაჩერების მთავარ მიზეზად ვასახელებთ ძლიერ ტკივილსა და ტანჯვას, რაც წამების მეთოდების გამოყენებას მოჰყვა.

ცალსახად და ძალიან კატეგორიულად უარყოფილია კიბეზე დაგორება. ამაზე მიუთითებს დაზიანებები და მიმართულება. რუსული დასკვნა მთლიანად უარყოფილია და თანაც კატეგორიულად“, – განაცხადა რუსუდან ბერიაშვილმა.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და ძალადობრივი სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსურ-კომისიურისასამართლო ექსპერტიზა დაასრულა. 

როგორც „ემპათიაში“ აცხადებენ, აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.