„ემპათიას“ ხელმძღვანელი - წამების დროს არჩილ ტატუნაშვილი შებოჭილი იყო
„ემპათიას“ ხელმძღვანელი - წამების დროს არჩილ ტატუნაშვილი შებოჭილი იყო

არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი არის წამება, დასკვნის მიხედვით, დაზიანებები, რომლებიც ტატუნაშვილმა მიიღო, წამების შედეგია, – ამის შესახებ პირველ არხს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის, „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, წამება არის მექანიზმი, რომელმაც მსხვერპლში გამოიწვია ტრავმული შოკი,  რის შედეგადაც განვითარდა გულსისხლძარღვთა უკმარისობა და დადგა ადამიანის სიკვდილი.

ტრავმულმა დაზიანებებმა, ფსიქოლოგიურმა შოკურმა მდგომარეობამ გამოიწვია ტრავმული ნეიროგენული შოკი. წამება არის გამშვები მექანიზმი, ძირითადი მიზეზი, მისი გართულება იყო ტრავმული ნეიროგენული შოკი, რის შედეგადაც განვითარდა გულსისხლძარღვთა უკმარისობა და დადგა ადამიანის სიკვდილი.

წამების მეთოდებად არის გამოყენებული სასტიკი ცემა ფოკუსირებულად ერთ ადგილზე და სხეულის მთელ მიდამოში, თავში ცემა. წამების დროს არჩილ ტატუნაშვილი იმყოფებოდა არაფიზიოლოგიურ პოზიციაში. ესეც წამების ერთ-ერთი მეთოდია. ის იყო შეკავებული და შებოჭილი. იმყოფებოდა იძულებით პოზიციაში. ეს არის ადამიანთა ჯგუფის მიერ სპეციალური განზრახვით მიყენებული დაზიანებები, რათა ტკივილი და ტანჯვა მიეყენებინათ.

შემდეგი წამების მეთოდი გადის სექსუალური წამების მეთოდში, რაც გახლავთ გენიტალიების დაზიანება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ინტენსივობით მოხდა ამ ადგილებში ცემა და სწორედ ეს გახდა სხვა დაზიანებებთან ერთობლიობაში ტრავმული შოკის განვითარების გამშვები მექანიზმი.

წამების ინსტრუმენტებად, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნა იარაღის ტარი, ავტომატების კონდახები, იარაღის ლულა, სხვა ცილინდრული მკვრივი/ბლაგვი საგნები“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

როგორც „ემპათიას“ ხელმძღვანელმა პირველ არხს განუცხადა, არჩილ ტატუნაშვილს სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.

„არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ ორი საათი გაატარა. მათ ექსპერტიზაში წერია, რომ ეს ფაქტი მოხდა 19:50 წუთზე და ეგრევე გადაყვანილ იქნა ცხინვალის საავადმყოფოში, სადაც ორ საათში გარდაიცვალა. სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს დასკვნაში არის მოცემული, რომ ცხინვალში ექსპერტიზა 23 თებერვალს გამთენიისას ჩატარდა და სავარაუდოდ, ადამიანი გარდაცვლილია ექსპერტიზამდე ექვსი საათით ადრე. თუ ყველა ამ მონაცემს შევაჯამებთ, მაშინ გამოდის რომ, ტატუნაშვილი 22 თებერვალს 21:00 საათის მიდამოებში გარდაიცვალა. გამოდის, რომ ბადრაგირებიდან საათსა და 20 წუთში ადამიანი გარდაიცვალა. ეს ცხადყოფს, რომ არანაირ რეანიმაციულ ღონისძიებებს ადგილი არ ჰქონია.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთი საათი, საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ, ანუ საკმაოდ მალე დადგა სიკვდილი და ადგილი ჰქონდა ძლიერი შოკის მდგომარეობას. გადმოცემულ დოკუმენტაციაში არსად არ არის მითითებული, რომ ის არის შეყვანილი რეანიმაციიდან. თუ რეანიმაციაში გადაიყვანეს, მაშინ უნდა არსებობდეს კლინიკური დიაგნოზი, რაც გარდაცვალების საფუძველია“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, სამედიცინო ექსპერტებმა ის სტრესიც შეაფასეს, რომელიც არჩილ ტატუნაშვილმა წამების დროს გადაიტანა.

„ასეთი სტრესი განიხილება, როგორც ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული სტრესული მოვლენა, ანუ ძლიერი ტრავმა, რომელიც არის არაორდინალური. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მას წამების შედეგად მიადგა ძლიერი ფიზიკური და სულიერი ტანჯვა. ეს გარდაცვალების გამშვები მექანიზმი გახდა. ეს ამტკიცებს, რომ ტატუნაშვილი არის წამების მსხვერპლი და გარდაცვალების მიზეზია წამება“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

როგორც „ემპათიას“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს დასკვნა საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენ სარჩელში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნება.

„გამოვიტანეთ უამრავი კლინიკური დიაგნოზი, რაც მან მიიღო. ამ ყველაფრის შესწავლა მოხდა საერთაშორისო სტანდარტებით. ეს დასკვნა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება ამ საქმეში. ამ დასკვნას მივაწოდებთ პროკურატურას და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ცენტრი “ემპათია” ამზადებს სარჩელს „არჩილ ტატუნაშვილის რუსეთის წინააღმდეგ”. სარჩელზე ეს იქნება მნიშვნელოვანი მტკიცებულება. დასკვნა გაჰყვება სარჩელს.

არამარტო არჩილ ტატუნაშვილია წამების მსხვერპლი, არამედ მისი ოჯახი. განსაკუთრებით იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ერთი თვის განმავლობაში არ იქნა ცხედარი გადმოცემული. შოკური მდგომარეობა იყო მათთვის, როდესაც გაიგეს, რომ ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე იყო და ხელი ეშლებოდა ექსპერტიზას. მათი უფლებაა, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და ძალადობრივი სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსურ-კომისიურისასამართლო ექსპერტიზა დაასრულა. 

როგორც „ემპათიაში“ აცხადებენ, აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.