ირაკლი კობახიძე - ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადება არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დოკუმენტი
ირაკლი კობახიძე - ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადება არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დოკუმენტი

ევროკავშირის დელეგაციის განცხადება არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ევროკავშირის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტში იმ საკითხის ასახვა, რაც დაკავშირებულია არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, განცხადებაში სწორედ ის საკითხებია ასახული, რაც საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაშია და მკაფიო მითითებებია იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იმოქმედოს რუსეთის ფედერაციამ.

„არის ძალიან მკაფიო მითითებები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იმოქმედოს რუსეთის ფედერაციამ. საუბარია, ერთ შემთხვევაში, გამოძიებაზე, მეორე შემთხვევაში, სამართლის აღსრულებაზე. ეს არის ზუსტად ის საკითხები, რომელიც ჩვენს საპარლამენტო რეზოლუციაში ავსახეთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენი რეზოლუციის ეს ჩანაწერები უკვე ევროპულ დოკუმენტში აისახა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 10 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლებების და ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო. განცხადების თანახმად, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიუთითებს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს მეზობლების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.