მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქციის შიდა ქართულ და საგარეო ბაზრებზე გატანა გამარტივდება
ვაჭრობა და საერთო ეკონომიკური ინტერესი მშვიდობის ერთ-ერთი გზაა – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს წარმოდგენილ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
ციხელაშვილის განცხადებით, ინიციატივა ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქციის წვდომის გამარტივებას შიდა ქართულ და საგარეო ბაზრებზე.
„ვაჭრობა და საერთო ეკონომიკური ინტერესი მშვიდობის ერთ-ერთი გზაა. იცით, რომ ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ვაჭრობა მაინც მიმდინარეობს გამყოფი ხაზების გასწვრივ.
ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული ინიციატივა არ ითვალისწინებს დამატებითი რეგულაციების შექმნასა და ჩარჩოს დაწესებას.
საქმე ეხება ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის, ეს გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული თუ წარმოშობილი პროდუქციის წვდომის გამარტივებას შიდა ქართულ ბაზარზე, მათ შორის, სავაჭრო ქსელებში და ასევე, საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებით, საგარეო ბაზრებზე.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ორივე რეგიონში მცხოვრებლებს გავუზიაროთ სიკეთეები, რასაც ვიღებთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მათ შორის, ვგულისხმობთ თავისუფალი ვაჭრობის გაზიარებას.
ეს ინიციატივა გულისხმობს ვაჭრობას ორივე მიმართულებით გამყოფი ხაზების გასწვრივ და ასევე, ძალიან ბევრი მექანიზმია, როგორ წავახალისოთ ეს პროცესი, მათ შორის, ინდივიდუალური თუ საერთო პროექტების დაფინანსებით“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.