ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გიორგი ჭანტურიას სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს
ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გიორგი ჭანტურიას სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს

გია ჭანტურიას დღეს, 19 აგვისტოს 61 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში გიორგი ჭანტურიას საფლავთან მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. ადგილზე შეიკრიბნენ გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრები და მეგობრები.

„გიორგი ჭანტურია, უპირველეს ყოვლისა, იყო ადამიანი, რომელმაც თავის თავზე აიღო უდიდესი მისია და ილია ჭავჭავაძის მიერ შექმნილი ორგანიზაცია ხელახლა ააღორძინა. მან სიცოცხლისუნარიანი გახადა ის ღირებულებები, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ, მისი მკვლელობა არ იყო მხოლოდ ერთი გამორჩეული ლიდერის მკვლელობა. ეს იყო იმ ჩიხის შექმნა, რომელზეც უკვე 30 წელია, დავდივართ. გიორგი იყო განსაკუთრებული მეგობარი, რომელსაც ნამდვილად შეეძლო ქვეყნისა და მოყვასისათვის თავის დადება“, – განაცხადა „სახალხო პარტიის“ ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ.

გია ჭანტურია 1994 წლის 3 დეკემბერს მოკლეს. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია და ძალიან ბევრი კითხვა არსებობს.

„სამწუხაროდ, უკვე 26 წელი გავიდა იმ უბედური დღიდან, რაც გია მოკლეს და ისევ გამოუძიებელია მისი მკვლელობის საქმე. ჯერ არც ერთმა ხელისუფლებამ არ გამოიჩინა კეთილი ნება, რომ ხელახლა დაწყებულიყო ძიება. ჩვენ იმედით ვართ და ველოდებით ამ ან შემდეგი ხელისუფლების კეთილ ნებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს“, – აცხადებს გიორგი ჭანტურიას შვილი.

​​