ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, გიორგი ჭანტურიას საფლავთან მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი იმართება
ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში, გიორგი ჭანტურიას საფლავთან მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი იმართება. პანაშვიდს ესწრებიან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები.
სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ, გიორგი ჭანტურიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, ოჯახი პროკურატურას მიმართავს.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი გიორგი ჭანტურია თბილისში 1994 წელს მოკლეს.
გიორგი ჭანტურიას 19 აგვისტოს 60 წელი შეუსრულდებოდა. ოჯახი გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურისთვის მიმართვას სიმბოლურად მის დაბადების დღეზე გეგმავს.
„დღეს გიას დაბადების დღეა, 60 წელი შეუსრულდებოდა მას. დღეს კიდევ ერთხელ ვაპირებთ, პროკურატურას მივმართოთ თხოვნით, გამოიჩინოს კეთილი ნება და გამოიძიოს გია ჭანტურიას საქმე. არ ვენდობით მაშინდელ რეჟიმს და მაშინდელ ჩატარებულ გამოძიებას და მივმართავთ დღევანდელ პროკურატურას, ხელახლა მოხდეს გამოძიება და ნათელი მოეფინოს გია ჭანტურიას საქმეს“, – განაცხადა გიორგი ჭანტურიას შვილმა, გიორგი ჭანტურიამ.