ქართველი მწერლები "საბადან" - მკითხველისთვის მიძღვნილი გამარჯვება

მწერლებს, რომელთაც ახლა გაგაცნობთ ერთი რამ აერთიანებთ – ისინი ლიტერატურულ პრემია „საბას“​ გამარჯვებულები არიან.

ხათუნა ცხადაძე – მთარგმნელი 2017 წლის ლიტერატურულ პრემია „საბას“ საუკეთესო მთარგმნელი – უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“.

– საბას პრემია…
– რას ნიშნავს ჩემთვის? – შრომის დაფასებას, ცოტა აღიარებას და ფულად პრემიას.

– ჯერ ლექსი იყო თუ მოთხრობა?
– არ ვიცი. ალბათ ლექსი.

– მკითხველი…
– მე მთარგმნელი ვარ, საკუთარი მკითხველი არ მყავს. მიხარია, როცა მეუბნებიან, რომ ჩემი თარგმანი მოეწონათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– ღმერთი…
– ათეისტი ვარ.

– რისი გეშინიათ?
– ყველაზე მეტად – ალცჰაიმერის. კიდევ მხედველობის დაკარგვის.

– ყველაზე დიდი მწერალი?
– არ ვიცი.

– რას ნიშნავს იყო მწერალი, პოეტი ან მთარგმნელი შენს ქვეყანაში?
– მწერალი და პოეტი არ ვიცი, მთარგმნელობა კი მძიმე და დაბალანაზღაურებული შრომაა.

– რამდენად ხშირად კითხულობთ საკუთარ ტექსტებს?
– ჩემს თარგმანებს არ ვკითხულობ. ან ძალიან იშვიათად, როცა სტუდენტებისთვის მჭირდება რაღაც და ვეძებ ტექსტებში.

– თქვენი შემოქმედებითი ჩვევა?
– არასოდეს ვენდო ახალ ნათარგმნ ტექსტს. დამუშავებული, თითქოს უკვე გასწორებული ტექსტის გაჩერება გარკვეული ხნით, თავის დანებება, „გაცივება“. კარგა ხნის შემდეგ დაბრუნება და თავიდან „გადავლა“. როცა რაღაც არ მომწონს, არ გამომდის, უკვე ვიცი, რომ ჯობია, არ ვაწვალო, არ ვჯიჯგნო ნაწერი. თავს ვანებებ და გარკვეული დროის შემდეგ ვუბრუნდები. სულ სხვანაირად ლაგდება ტექსტი, სულ სხვა სიტყვები, კონსტრუქციები მოგდის გონებაში, თავისუფლდები დედნისგანაც და საკუთარი, ნაწვალები ვერსიებისგანაც, თავიდან წერ. დედნისგან გათავისუფლებაში, ცხადია, დედნის აზრისგან გათავისუფლებას არ ვგულისხმობ. ძირითადად ესაა სინტაქსი, ენის წყობა, ის, რაც ქართულისთვის არაბუნებრივია, ზედმეტია. ქართულ თარგმანებში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ესაა ხოლმე, დედანზე მთარგმნელის სინტაქსური მიჯაჭვულობა. ამიტომაა, რომ ხშირად ვკითხულობთ და თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ეს ქართული არაა, დამღად აზის ტექსტს, რომ ნათარგმნია. ეს რომ კარგად მესმის, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის გამომდის. ამიტომაც არ მიყვარს ჩემი თარგმანების წაკითხვა.

– სახელი და აღიარება?
– რა ვიცი, ალბათ რაღაც თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

– რატომ წერთ/თარგმნით?
– ვთარგმნი იმიტომ, რომ მიყვარს ეს საქმე.

– რა არის თქვენი შემოქმედების ინსპირაცია?
– „შემოქმედება“ პრეტენზიული სიტყვაა მთარგმნელის შემთხვევაში. მთარგმნელის ინსპირაცია პირველ რიგში ისაა, რომ სათარგმნი ტექსტი მოსწონდეს.

– თქვენი საყვარელი რომანი?
– დინო ბუცატის „თათართა უდაბნო“ (ოღონდ არა ქართული თარგმანი)

 

2017 წლის ლიტერატურულ პრემია საბას გამარჯვებული საუკეთესო რომანი – ალეკო შუღლაძე

 

– საბას პრემია…
– თხუთმეტი წლის მერე დაბრუნდე ლიტერატურაში, დაწერო რომანი, გაგიგოს მკითხველმა, შეგიყვაროს. მერე ჟიური საოცრად პრინციპული აღმოჩნდეს, ზეწოლას გაუძლოს, თავისი გაიტანოს და უმთავრესი ლიტერატურული კონკურსის მთავარ გამარჯვებულად გამოგაცხადოს – გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს? ძალიან საჭირო და დროული გამარჯვება იყო.

– ჯერ ლექსი იყო თუ მოთხრობა?
– მხოლოდ ორი ლექსი მაქვს დაწერილი. თავიდანვე მოთხრობა იყო.

– მკითხველი…
– მკითხველი თუ არ იქნება, აღარც მე დავწერ. „საბას“ მოგებაშიც დიდი წვლილი მკითხველმა შეიტანა. მათ ვუძღვნი გამარჯვებას.

– ღმერთი…
– ღმერთის გარეშე ჩიხში ვართ. ვეღარ გამოვდივართ, უაზრობაა. ანდა ყველაფერი დასაშვები ხდება და ეს კიდევ უფრო დიდი საშინელებაა. მღვდელმსახურები თუ იმედებს გვიცრუებენ, ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი არ არსებობს.

– რისი გეშინიათ?
– საკუთარი სულის დაკარგვის.

– ყველაზე დიდი მწერალი?
– დოსტოევსკი.

– რას ნიშნავს იყო მწერალი, პოეტი ან მთარგმნელი შენს ქვეყანაში?
– არაფერს განსაკუთრებით. მწერლებს თავში არ უნდა აგვივარდეს, ამბიციები დამღუპველია. თუ ჩვენი ტექსტის მერე ადამიანი სულ ოდნავ მაინც აიწევს მაღლა, გამოდის ტყუილად არ გვიწერია.

– რის დაწერაზე ოცნებობთ?
–  სულზე, ღმერთზე და საოცნებო სიყვარულზე.

– რამდენად ხშირად კითხულობთ საკუთარ ტექსტებს?
– წერისას ხშირად, ძალიან ხშირად. მერე აღარ, ძალიან იშვიათად.

– თქვენი შემოქმედებითი ჩვევა…
– მთავარია ფიქრისთვის და წერისთვის საუკეთესო ადგილის პოვნა. როცა იწყებ, მერე სულ წერ. არა მარტო მაგიდასთან წერ, არამედ, სულ წერ, ყველგან, რასაც არ უნდა აკეთებდე და რაზეც არ უნდა ფიქრობდე, ტექსტზე სულ უნდა მუშაობდე. როცა თავში იდეა, პერსონაჟი, დიალოგი, მონოლოგი, ანდა სიუჟეტური ხაზი იბადება, უნდა ჩაიწერო და აღარ დაგეკარგება – საწერ მაგიდასთან გამოგადგება.

– სახელი და აღიარება?
– ერთი ღამე და დილით უკვე აღარ გახსოვს. მერე დროდადრო სხვები გახსენებენ აღიარებული და სახელოვანი რომ ხარ და ისევ მალე გავიწყდება. სახელში და აღიარებაში დიდი ბედნიერება არ დევს.

– რატომ წერთ?
– ჩემი სათქმელის გადმოცემა მინდა. წერა ადამიანებთან ურთიერთობის ფორმაა, თანაც დიდი ზემოქმედებითი ეფექტით ხასიათდება.

– რა არის თქვენი შემოქმედების ინსპირაცია?
– მნიშვნელოვანი სათქმელი და შემდეგ უკვე კონკრეტული მუხტი, მაგალითად, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებზე ფიქრი და გაანალიზება.

– თქვენი საყვარელი რომანი…

„ოსტატი და მარგარიტა“.


ზურა  აბაშიძე – ლიტერატურული კონკურსი „საბას“ 2017 წლის დებიუტი გამარჯვებული  – „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“

 

– საბას პრემია…
– საბას პრემია არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმისთვის, რომ წერა გააგრძელო, ორივე შემთხვევაში მოგებული ხარ, თუ ვერ გახვედი ნომინანტებში ან გახვედი და ვერ გაიმარჯვე, მწარდები და მოტივაცია გემატება, თუ გაიმარჯვე და შენი წიგნი გახდა რჩეული, უფრო მეტად გემატება მოტივაცია და ხვდები, რომ ამ საქმის გაგრძელება ღირს.

– ჯერ ლექსი იყო თუ მოთხრობა?
– მე, როგორც მოთხრობების ავტორს, მგონია, რომ ჯერ იყო მოთხრობა და მერე გაჩნდა ლექსი, ლექსის წერას ალბათ მაშინ იწყებ, როცა ემოციები ჭარბობს, სიტყვებს ვერ პოულობ და გჭირდება რამე უფრო მოკლე ფორმა შენი ამბის გადმოსაცემად. როცა დაღლილი ხარ იმით, რომ გრძლად მოჰყვე.

– მკითხველი…
– მკითხველები ჩემს შემთხვევაში არიან ადამიანები, რომლებმაც მაქციეს მწერლად, ყველა დადებითი და უარყოფითი გამოხმაურება მკითხველის მხრიდან მე როგორც მწერალს მზრდის და მაძლევს შანს შევხედო მოთხრობებს სხვა თვალით და სხვა კუთხით. მკითხველი არის ის, ვის გამოც დავიწყე წერა, ვისაც ვეპრანჭებოდი და ვისაც გავეპრანჭები მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.

– ღმერთი…
– ამბობენ, რომ ყველაზე სამართლიანია, მაგრამ მე ამ ბოლო დროს მეჩვენება რომ ძალიან უსამართლოა და უყვარს ადამიანებით გართობა, ერთ შაბათ დღეს ყველაფერს გართმევს და მეორე შაბათ დღეს ყველაფერს გაძლევს და სულ რაღაცებს გიმტკიცებს და განახებს, რომ ეს ასე არ ყოფილა, პატარა ბიჭი, ეს ასეა და ეს შენ უნდა იცოდე. ხანდახან მიჭირს გაგება, რაში მჭირდება ამდენი ახალი ემოცია და ასეთი მძიმე გამოცდილება.

– რისი გეშინიათ?
– როგორც მწერალს აღარაფრის შიში აღარ მაქვს, ვიცი რომ თუ წერა აქამდე გართობა და დიდი მხიარულება და ზეიმი იყო ჩემთვის, დღეს წერა აუცილებლობაა, ისევე მჭირდება წერა, როგორც პარასკევ საღამოს მეგობრებთან ერთად ყოფნა და ყველაზე სევდიანი ამბების მოყოლა, სხვა ყველაფერი ალბათ ჩემს მონდომებაზეა დამოკიდებული. როგორც ადამიანს ალბათ ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანების დაკარგვის მეშინია, მაგრამ უკვე ვიცი, რომ ეს გარდაუვალია და ამის გამო მეორე შიშიც გამიჩნდა, რომ მზად არასდროს ვიქნები ადამიანების დაკარგვისთვის.

– ყველაზე დიდი მწერალი?
– ყველაზე დიდი მწერალი არის ის, ვისაც ერთდროულად შეუძლია ბევრი გაცინოს,  ბევრიც გატიროს, შეგაშინოს და დაგასევდიანოს კიდეც ერთდროულად. ყველა ამ მოთხოვნას ალბათ დიდი მწერალი, მიხეილ ბულგაკოვი აკმაყოფილებს, რომელიც გიწყობს დიდ დღესასწაულს, გაჩვენებს მრავალ ფერს და თან ძალიან, ძალიან გასევდიანებს.

– რას ნიშნავს იყო მწერალი, პოეტი ან მთარგმნელი შენს ქვეყანაში?
– თავიდანვე იცი, რომ ეს ბევრ ფულს ვერ მოიტანს, მაგრამ იმდენი პრობლემა გაქვს, იმდენი რამე გაწუხებს, იმდენ რამეზე გინდა ლაპარაკი, რომ წერას იწყებ და აგრძელებ კიდეც. სინამდვილეში არავინ გისმენს და წერა გპირდება, რომ მე ვიღაცას ვიპოვი და ეს ვიღაცა მოგისმენს.

რის დაწერაზე ოცნებობთ?
– სულ ვფიქრობ, რომ დავწერო წიგნი დიდ ჯადოქრობაზე, დავწერო წიგნი, სადაც ცხოვრება ცოტათი უფრო უკეთესი იქნება და ადამიანებს იმ სამყაროში შეეძლებათ მოვლენების და დროის სათავისოდ მობრუნება, დავწერო წიგნი დედაშვილობაზე,  დედაზე, რომელიც კუდიანია და შვილი, რომელიც წარმატებით აგრძელებს დედის ალქაჯურ საქმიანობას, მინდა დავწერო მათ ერთობლივ ცხოვრებაზე და მინდა, რომ ეს მათი ამბავი იყოს ძალიან მშვენიერი.

– რამდენად ხშირად კითხულობთ საკუთარ ტექსტებს?
– საკუთარ ტექსტებს ძალიან ხშირად ვკითხულობ და ხანდახან მაკვირვებს ხოლმე ცალკეული ფრაზები, წერა ხანდახან წინასწარმეტყველებაა, რაღაცებმა ახდენდა იცის, ისე მოგიბრუნდება ყველა პერსონაჟი და შურს იძიებს შენზე, თვალების გახელასაც ვერ ასწრებ, ძალიან მარტივია შექმნა პერსონაჟი, დაატეხო თავს დიდი უბედურება და უცებ ის დიდი უბედურება შენც დაგატყდეს თავს.

– თქვენი შემოქმედებითი ჩვევა…
– ყოველთვის, როცა ვწერ წარმოვიდგენ, რომ წინ მიზის ან მეგობარი, ან კარგი ნაცნობი, ან ახლობელი და იმ კონკრეტულ ადამიანს ვუყვები ამ ამბავს, ასე უფრო მიადვილდება მუშაობა, ყველაზე ხშირად პირველი კრებულის წერისას ვისაც წარმოვიდგენდი მსმენელად იყო ჩემი მეგობარი ანიტა, ამიტომაც მივუძღვენი წიგნი მას.

– სახელი და აღიარება…
– არც თუ ისე დიდი ხნის წინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელი და აღიარება და ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი ცნობილი, ბევრ ადამიანს წაეკითხა ჩემი წიგნები, მაგრამ როგორც კი ეს აღიარება ასე თუ ისე მოვიდა და ბევრმა ადამიანმა გამიცნო, მივხვდი, რომ სულერთია, რომ არაფერს მიცვლის, რაღაცებს ისეთივე სიმძიმით აღვიქვამ, განვიცდი, მტკივა, უბრალოდ ახლა დამკვირვებლებიც მყავს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ძალიან მაგარია, როცა ადამიანები შენზე ფიქრობენ, უყვარხარ და თუნდაც ერთი საღამო გაატარეს რომელიმე შენს მოთხრობასთან ერთად, მე მათ ძალიან ვაფასებ და მათ გარეშე ალბათ ბევრი ვერაფერი ვიქნებოდი.

– რატომ წერთ?
– ზუსტად იმიტომ ვწერ, რის გამოც ვკითხულობ, მინდა სხვებს ვუთხრა, რომ მარტო არ არიან, მინდა ზუსტად ისევე კარგად ვუთხრა ეს სხვებს და ისევე კარგად მოვახერხო ვიღაცის მარტოობის შემსუბუქება, როგორც ამას ჩემი საყვარელი მწერლები და წიგნები ახერხებდნენ და ახერხებენ. მინდა რომ ჩემი ხმა არ დაიკარგოს, მინდა რომ ის რაც მე მაწუხებს მარტო ჩემი არ იყოს და სხვებმაც მოახერხონ იპოვონ ეს გასაჭირები და მერე ან საკუთარ გასაჭირს შეადარონ ან უბრალოდ შემეხიდონ. სულ ეს არის. მე მზად ვარ სხვებს ვუსმინო, მინდა რომ სხვებსაც ესმოდეთ ჩემი ხმა.

– რა არის თქვენი შემოქმედების ინსპირაცია?
– ალბათ ადამიანები, რომლებიც მხვდებიან ყოველდღიურად, ამბები, რომელიც ტრიალებს ჩემს გარშემო, ქალაქი ბათუმი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, დიდი და კეთილი ქალაქი თბილისი, რომელიც არაფერს იშურებს ჩემთვის, სამყარო, რომელიც ხანდახან კი არის დაუნდობელი, მაგრამ კეთილ ამბებსაც ატრიალებს, მზე, რომელიც ყოველთვის ანათებს, გვინდა თუ არ გვინდა, მაინც ანათებს და ფიქრი იმაზე, რომ სადღაც შორს, ზღვების და მთების მიღმა გოგოები და ბიჭები კარგად, ძალიან კარგად ცხოვრობენ, ცეკვავენ ბევრს, მხიარულობენ და მეძახიან, მპირდებიან რომ ერთ დღესაც მეც მათთან ვიქნები და მეც მათნაირად ბედნიერად ვიგრძნობ თავს.

– თქვენი საყვარელი რომანი?
– ჩემი საყვარელი რომანი არის მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, წიგნი ძალიან დიდ სიყვარულზე, ჯადოქრობაზე, ეშმაკებზე და ადამიანებზე. წიგნი, რომლის გადაშლისას იწყება ძალიან დიდი დღესასწაული და სანამ არ დახურავ არ მთავრდება.