„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტუდენტური ლიტერატურული კამპუსი გაიხსნა
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტუდენტური ლიტერატურული კამპუსი გაიხსნა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დღეს სტუდენტური ლიტერატურული კამპუსი გაიხსნა. კამპუსში თბილისის უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის 40 სტუდენტი მონაწილებს, სალექციო კურსს კი, ცნობილი მწერლები წაიკითხავენ.

ერთკვირიანი კამპუსის პირველ სამ დღეს ლექციებს ერეკლე დეისაძე და ტორესა მოსი წაიკითხავენ, რომლებიც სტუდენტებს ქართული პოსტმოდერნიზმისა და ამბის მოყოლის ხელოვნებაზე გაესაუბრებიან. ლიტერატურული კამპუსის შემდგომ ეტაპზე ანა კორძაია-სამადაშვილი და ეკატერინე ტოგონიძე ჩაერთვებიან.

13 აგვისტოდან დაიწყება მეორე კამპუსი – ამჯერად ლიტერატურისა და კინოს თემაზე, რომელსაც, ასევე, 40 მსმენელი ეყოლება. მათთვის სალექციო კურსს ჩაატარებენ რეჟისორები უტა ბერია, პაატა ციკოლია და კინომცოდნეები ნენო ქავთარაძე და დათო ლობჟანიძე.

კამპუსის მონაწილეებისთვის, დღეში ორ-ორი ლექცია გაიმართება, რის დროსაც, სტუდენტებს, შესაძლებლობა ექნებათ, არა მხოლოდ განხილვაში ჩაერთონ, არამედ მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი აზრი, დასვან კითხვები და მეტი გაიგონ ამ სფეროებში მიმდინარე პროცესებისა თუ საზოგადოებისთვის მათი მნიშვნელობის შესახებ. გარდა ამისა, უკეთესად გაიცნობენ თანამედროვე ავტორებსა და რეჟისორებს და მათთან ერთად ქართულ ლიტერატურასა და კინოს. დღის განმავლობაში დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებისას კი, განივითარებენ დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების უნარებს, ნახავენ ფილმებს და ჩაერთვებიან მათ განხილვაში; შეიძენენ ახალ ინტერესებს და მეგობრებს.

კამპუსები მოეწყობა თელავში. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და კინოფესტივალი „თაობა“.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

დატოვე კომენტარი