ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის“ 2019 წლის ლაურეატები დაასახელეს
ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის“ 2019 წლის ლაურეატები დაასახელეს

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის“ 2019 წლის ლაურეატების ვინაობა ცნობილია. პრემია წელს რვა ნომინაციაში ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს გადაეცათ.

დაჯილდოვდნენ, კინო და თეატრალური ხელოვნების, პროზისა და პოეზიის, მუსიკალური და სახვითი ხელოვნებისა და ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წარმომადგენლები.

„წინანდლის პრემია“ წლის საუკეთესო თეატრალურ და კინოხელოვნების ნომინაციებში გადაეცათ რეჟისორ გეგა გაგნიძეს და მსახიობ გიორგი წერეთელს.

პროზისა და პოეზიის ნომინაციებში დათია ბადალაშვილმა და ნინი ელიაშვილმა გაიმარჯვეს.

მუსიკალურ ხელოვნებაში პრემია სანდრო ნებიერიძემ მიიღო, ხოლო სახვით ხელოვნების ნომინაციაში ლადო ლომიტაშვილმა გაიმარჯვა.

2019 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები მეცნიერების დარგში ანა გოგოლაშვილი და ოთარ გაბუნია გახდნენ.

დაჯილდოების ცერემონია მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სამ სხვადასხვა თემატურ ლოკაციაზე შედგა.

ღონისძიების ორგანიზატორის, ზურაბ ჟვანიას მეუღლის, ნინო ჟვანიას განცხადებით, წელს წინანდლის პრემიის დარგობრივი კომისიის ჟიური, სპეციალისტების გარდა პრემიის წინა წლების ლაურეატი ახალგაზრდა მეცნიერებით და ხელოვანებით დაკომპლექტდა.

„უკვე მეექვსედ ვატარებთ წინანდლის ფესტივალს და ძალიან მიხარია, რომ დარბაზი ვერ იტევს მაყურებელს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გვყავდა არაჩვეულებრივი ნომინანტები და გვყავს ბრწყინვალე გამარჯვებულები. წელს ჟიურის წევრებს ახალგაზრდებიც შეემატნენ. ისინი თავად ჩაერთნენ გამარჯვებულების შერჩევის პროცესში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათ იციან, რა არის მათთვის პრიორიტეტული. ძალიან გვინდა, შემდეგ წლებში ნომინაციები გაიზარდოს. გვსურს, დავამატოთ არქიტექტურისა და ფოტოგრაფიის ნომინაცია, თუმცა ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. ახლა უფრო გვეხმარებიან ვიდრე ადრე და იმედი გვაქვს, მოვახერხებთ“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.

„წინანდლის პრემია“ 1998 წელს დაარსდა, პირველი დაჯილდოების ცერემონიალი 1999 წელს შედგა.