მწერალი ირმა შიოლაშვილი გერმანიის მწერალთა კავშირის იუბილეზე კრებულს წარადგენს
მწერალი ირმა შიოლაშვილი გერმანიის მწერალთა კავშირის იუბილეზე კრებულს წარადგენს

„50 წელი და 50 ლიტერატურული მინიატურა“ – ასე ჰქვია ლიტერატურულ მარათონს, რომელსაც კიოლნის კარლ რანერის აკადემია უმასპინძლებს და რომელიც გერმანიის მწერალთა კავშირის იუბილეს ეძღვნება. გერმანიის მწერალთა კავშირი 1969 წელს ჰაინრიხ ბიოლმა დააარსა. 50 წლის იუბილეს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში გერმანელი და უცხოელი ავტორები მონაწილეობენ.

ქართველი მწერალი და მთარგმნელი ირმა შიოლაშვილი დღეს სექციაში „ჩვენ სამყაროში“, ექვს ლექსს წაიკითხავს კრებულიდან „თავდაყირა“. მათ შორის ლექსს, რომელიც 2008 წლის ომს ეძღვნება. როგორც ავტორი ამბობს, ამით კიდევ ერთხელ შეახსენებს უცხოურ აუდიტორიას, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

22 ნოემბერს ავტორი კრებულს „თავდაყირა“ ბონის მიგრაციის წიგნის ბაზრობაზე წარადგენს. 29 ნოემბერს ირმა შიოლაშვილის შემოქმედებითი საღამო შედგება ქალაქ მინდენში, სადაც შვიდი წლის წინ მან საკუთარი შემოქმედება რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებთან ერთად გააცნო აუდიტორიას.

ირმა შიოლაშვილი 1999 წლიდან გერმანიაში, ქალაქ ბონში ცხოვრობს და ბონის რეგიონალი რადიოს (Bonn/Rhein-Sieg) ეთერში ქართულ კულტურაზე უძღვება გადაცემებს.