საქართველოს ფრედერიკ ბეგბედერი ეწვევა
საქართველოს ფრედერიკ ბეგბედერი ეწვევა

საქართველოს ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ეწვევა. ბეგბედერი ხვალ საქართველოს პირველი არხის გადაცემების – „ახალი დღე“ და „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ სტუმარი იქნება.

ასევე, მწერალი მკითხველებს 4 მაისს, 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. მკითხველთან დაგეგმილ შეხვედრაზე ბეგბედერის ახალი წიგნის „დამბა ატლანტიკის პირისპირ“ პრეზენტაცია გაიმართება.

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მოწვევით მეორედ ესტუმრება. პირველად ის საქართველოს 2016 წელს ეწვია. მწერალთან ერთად საქართველოში ჩამოვა მისი მეუღლე, ლარა მიშელი, რომელიც 8 მაისს ფოტოგამოფენას გამართავს.

ბეგბედერი მრავალი წიგნის ავტორია, არის ლიტერატურის კრიტიკოსი, რეჟისორი და ტელეწამყვანი, ასევე რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. მისი „99 ფრანკი“ დღემდე ბესტსელერთა სიაშია. მწერლის ვიზიტი საქართველოში 9 მაისს დასრულდება.