ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი რუსეთის ხელისუფლებამ თურქეთში გააძევა
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ირაკლი დანელია, მეტსახელად „იკა მარტვილსკი“ რუსეთის ხელისუფლებამ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თურქეთში გააძევა და რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა სამუდამოდ აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
35 წლის ირაკლი დანელია სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაშოვში საპატიმროდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური გამოძიების მთავარმა სამმართველომ ის რუსეთში არასასურველ პირად გამოაცხადა. ის სტამბოლში დონის როსტივის აეროპორტიდან გაგზავნეს.
რუსული მედიის ცნობით, ირაკლი დანელია 2015 წელს ივანოვოს ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. მას სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რუსული მედიის ცნობით, სისტემატური დარღვევებისთვის ის რამდენჯერმე გადაიყვანეს სხვა ციხეში. როგორც თავად დანელია ამბობს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მან წონაში 60 კილოგრამი დაიკლო.