პროკურატურის ცნობით, 2019 წელს ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებულ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენი 13 პირს გამოუტანეს
პროკურატურის ცნობით, 2019 წელს ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებულ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენი 13 პირს გამოუტანეს

გენერალური პროკურატურის ცნობით, 2019 წელს ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის საქმეებზე 13 პირს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. უწყება პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ორგანიზებული დანაშაული პროკურატურისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

„2019 წელს „სისხლის სამართლის კოდექსის“ შესაბამისი მუხლებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 42 პირის მიმართ, მათ შორის: ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე 25 პირის მიმართ, „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე სამი პირის მიმართ, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის ფაქტზე რვა პირის მიმართ, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე ორი პირის მიმართ, ხოლო „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე ოთხი პირის მიმართ.

პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის საკმაოდ მკაცრი. ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა პატიმრობა, რაც სასამართლოს მიერ ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდა“, – ნათქვამია ანგარიშში.