შსს - დაკავებულია სამი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, რომლებიც „ოკრიბას“ ტერიტორიაზე მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ
შსს - დაკავებულია სამი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, რომლებიც „ოკრიბას“ ტერიტორიაზე მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები – ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.