„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად აქვთ წარდგენილი. სასამართლოს აქვს 24 საათი, რათა იმსჯელოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

ე.წ კანონიერ ქურდს, ზ.მ.-ს, მეტსახელად „გლეხოვიჩს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რადგან ის საზღვარგარეთ ცხოვრობს. ამასთან, დაკავებულია მისი შვილი. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ შვილს დაავალა „გლეხოვიჩმა“ ე.წ ქურდული გარჩევის გზით ორ ბიზნესპარტნიორს შორის ფინანსური დავა მოეგვარებინათ, რა დროსაც ერთ-ერთს მეორესთვის 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

ერთ-ერთი დაკავებულის, მევლუდ მახარობლიძის ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ადვოკატი „გლეხოვიჩისა“ და მახარობლიძის ნათესაურ კავშირს არ ადასტურებს. მისი თქმით, მოითხოვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის გარეშე დატოვონ, ალტერნატივის სახით კი, სასამართლოს გირაოს შესთავაზებს.

„ვიცავ ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელსაც ედავებიან „ქურდული სამყაროს“ წევრობას. გუშინ დააკავეს და ჯერ არ გადმოუციათ არაფერი. შესაბამისად, საქმის მასალებს არ ვიცნობთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას. ვერ ვისაუბრებ საქმის დეტალებზე, იცნობენ თუ არა ერთმანეთს, ჰქონდათ თუ არა ერთმანეთთან კავშირი. ვიყენებთ დუმილის უფლებას და არ ვაღიარებთ წარდგენილ ბრალდებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ. სასამართლოში დავაყენებთ საკითხს მისი აღკვეთის ღონისძიების დატოვების გარეშე, თუმცა ალტერნატივის სახით, რა თქმა უნდა, გირაოს შევთავაზებთ. ვინაიდან, არანაირი საფრთხე არ არსებობს, არც მიმალვის საფრთხე, არც მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მაგალითად არ არის ნასამართლევი“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, გუშინ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, „კანონიერ ქურდს“ კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა